„ხმა მივეცი ახალ საქართველოს – იმ საქართველოს, რომლისთვისაც 22 წლის წინ ამ ქვეყანაში ჩამოვედი, ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომლისთვისაც ლოცულობდა ჩემი ყველა წინაპარი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ და თქვა ისიც, რომ რომ არჩევნებში არა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, არამედ საქართველო გაიმარჯვებს.
„ხმა იმ საქართველოს მივეცი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა ლოცულობს. საღამოს ჩვენ ყველანი გამარჯვებული ვიქნებით. დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უბანზე ხმა მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც. მან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 60%-იან მხარდაჭერას ელის. ‘
ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ დღეს 2012 წლის ტოლფასი არჩევნები ტარდება და ამ კენჭისყრით საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების მიმართულება.
„ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. ეს არის რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში, ჩვენ კი ვთავაზობთ ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ყველა მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უბანზე მივიდა თინა ბოკუჩავაც. „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, და ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდნენ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. მათ შორის, “ძლიერის საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. უპირველესად, მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე. უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია, და მეც ასე მოვიქეცი, ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ იმ ძალიან სწორ არჩევანში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გააკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
უბანზე მივიდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
„ხმა მივეცი ცვლილებასა და საქართველოს ევროპულ მომავალს. ხმა მივეცი კოალიციური მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებსა და დანატოვარზე, წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული და მომავალი თაობების არჩევანია – ეს არის ევროპა!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.