„ამ დრომდე ენგურის ხიდი ცალმხრივადაა დაკეტილი. დე-ფაქტო ხელისუფლება ატარებს მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმავალ მგზავრებს, ხოლო აქეთ, დანარჩენ საქართველოში, გადმოსვლა მათ ეკრძალებათ“, – უთხრა ევრონიუს ჯორჯიას თამარ ზანთარიამ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა უნდოდათ, 4 დღით ადრე უნდა გადმოსულიყვნენ პირობით საზღვარზე.
ენგურის ხიდი 23 ოქტომბერს დაიკეტა და 30 რიცხვამდე შეზღუდვებით იმუშავებს. თამარ ზანთარია ასევე ამბობს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მითითებით, განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან დე-ფაქტო ადმინისტრაციის მტკიცებით, არჩევნების პერიოდში, შესაძლოა, გარკვეული პროვოკაცია მოხდეს.