საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გაცემულ 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. შესაბამისად, მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რომელიც ევროპული საბჭოს შეფასებით, ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეჩერებულია.
ბრიფინგზე თქვეს, რომ წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა, რაც მათი განცხადებით, წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას.
როგორც ISFED-ში ამბობენ, საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები.
ბრიფინგზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ არაერთ ცვლილებაზე, რომლებიც მათი თქმით, უმეტეს შემთხვევაში განხორციელდა დაჩქარებულად და ჩართული მხარეების სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე. განხორციელებულ ცვლილებებს შორის კი მათ გამოყვეს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის გაუარესება, გენდერული კვოტირების გაუქმება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრების ვადის ცვლილება.
ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო გარემო და მედიაგარემო იყო პოლარიზებული. სოციალურ მედიაში კი, გააქტიურებული იყო რუსეთთან დაკავშირებული გვერდები, რომლებიც ევროსკეპტიკურ ნარატივებს ავრცელებდნენ.
ორგანიზაციას საპარლამენტო არჩევნებზე 1500 დამკვირვებელი ეყოლება.