მთავარიმსოფლიოBRICS-ის სამიტი - პუტინის გავლენის დემონსტრირება

BRICS-ის სამიტი – პუტინის გავლენის დემონსტრირება

,,ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთის ქალაქ ყაზანში, 2024 წლის სამიტის მესამე დღის სესიისთვის შეიკრიბნენ.

სამიტს ბოლო დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც შეუერთდა. როგორც მისი მოადგილე, მერ გრიგორიანი განმარტავს, სომხეთის BRICS-ში გაწევრების პერსპექტივის შეფასება რთულია და დასწრების მიუხედავად, ქვეყანა ამ ეტაპზე ორგანიზაციის წევრობას არ განიხილავს.

ერთობა, რომელიც თავდაპირველად ბრაზილიას, რუსეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკას მოიცავდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ,,ბრიქსის“ რიგებს შეემატა ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. ხოლო, გაწევრებაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთეს აზერბაიჯანმა და მალაიზიამ.

განაცხადი გააკეთა თურქეთმაც, რომელიც სამიტს წელს პირველად შეუერთდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების სპიკერმა აღიარა, რომ „პროცესი მიმდინარეობს“.

სამიტის ბოლო დღეს, პლენარულ სესიაზე სიტყვით მიმართვისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკანონო სანქციების გამოყენებით და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სახელით კონკურენტი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.

,,უფრო სამართლიან მსოფლიო წესრიგზე გადასვლა შეფერხებების გარეშე არ მიმდინარეობს. მის განვითარებას ხელს უშლიან ძალები, რომლებიც მიჩვეული არიან ყველასა და ყველაფერზე ბატონობის თვალსაზრისით აზროვნებას. წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მიღმა ვხედავთ აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, დამოუკიდებელი და სწრაფად განვითარებადი კონკურენტების, შეკავების მცდელობებს. პირდაპირ, რომ ვთქვათ, მსგავსი არაჯანსაღი მიდგომები იწვევს ახალი კონფლიქტების გაღვივებას და ძველი წინააღმდეგობების გამწვავებას.

ამის მაგალითია უკრაინა, რომელიც გამოიყენებოდა და გამოიყენება რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხის შესაქმნელად. ახლა კი არც მალავენ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზანს. გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის მოჩვენებითი გათვლები, რომელიც მხოლოდ მათ შეიძლება ეკუთვნოდეთ, ვინც არ იცნობენ რუსეთის ისტორიას, ვინც ვერ ითვალისწინებენ მისი ხალხის ერთიანობას, სულის სიძლიერეს და იმ სიმჭიდროვეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა”,  – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ლიდერებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებაც. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ჩინეთი აკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაფართოება და ,,ბრიქსის“ ქვეყნებს მოუწოდა საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„ხელი უნდა შევუწყოთ სიტუაციის დეესკალაციას, რაც შეიძლება სწრაფად… და გზა გავუხსნათ კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას. უნდა გავაგრძელოთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობა ღაზის სექტორში, განვაახლოთ ორმხრივ გამოსავალზე მუშაობა და თავიდან ავიცილოთ ომში ლიბანის ჩართვა. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, პალესტინელი და ლიბანელი ხალხი უბედურების უფსკრულში ჩაძირვა“, – ამბობს სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი.

სამდღიან სამიტს 36 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც. კრემლის განცხადებით, ბრიქსის 2024 წლის სამიტი რუსეთის მიერ გამართული ყველაზე მასშტაბური საგარეო პოლიტიკის ღონისძიებაა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, წლევანდელი სამიტი ნაკლებად ჰგავდა თანამოაზრე პარტნიორების ერთობას, არამედ მეტწილად ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში რუსეთის გავლენის წარმოჩენას ემსახურებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend