მთავარიმსოფლიოევროპაიტალიასა და საფრანგეთში უამინდობამ და უხვმა ნალექმა წყალდიდობები გამოიწვია

იტალიასა და საფრანგეთში უამინდობამ და უხვმა ნალექმა წყალდიდობები გამოიწვია

იტალიის გარკვეულ რეგიონებში განგაშის წითელი და ნარინჯისფერი დონე სამშაბათამდე იქნება გამოცხადებული

უამინდობის ტალღამ იტალიისა და ცენტრალური საფრანგეთის გარკვეული რეგიონები დააზარალა. ძლიერი წვიმა და შტორმები იტალიის სამხრეთით სამშაბათამდე გაგრძელდება.

იტალიაში,  ემილია რომანიის რეგიონის ქალაქ ბოლონიაში, 160 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

პიანოროს დასახლებაში უეცრად მოვარდნილმა წყალმა ავტომობილი გაიტაცა, დაიღუპა ერთი ადამიანი.  კასტელმაჯორეში კი ადგილობრივების დასახმარებლად სახანძრო და სამაშველო სამსახურებთან ერთად ჯარიც გაიგზავნა.

ემილია რომანიის რეგიონში სახანძრო სამსახურს 300-ზე მეტ შემთხვევაზე მოუწია რეაგირება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ბოლონიაში, სადაც სავენისა და გენუის ნაკადულები კალაპოტებიდან გადმოვიდა.

მოსახლეობა უკვე გაიყვანეს კადელბოსკო დი სოპრის მუნიციპალიტეტიდან, სადაც მდინარე პოს შენაკადი ასევე გადმოვიდა კალაპოტიდან.

კუნძულ სიცილიაზე კი, სადაც ძლიერმა წვიმამ წყალმოვარდნა გამოიწვია,  მაშველებს ადამიანების გადარჩენა შენობებისა და ავტომობილების სახურავებიდან მოუწიათ,

აგრიჯენტოს პროვინციაშიც მდინარე სალტო რამდენიმე ადგილას გადმოვიდა კალაპოტიდან, რამაც სანაპირო ქალაქ ლიკატის დატბორვა გამოიწვია.

ფლორენციაში ტოსკანის მდინარე ელსა ადიდდა. მოქალაქეებს აფრთხილებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გადაადგილებას.

საფრანგეთში სტიქიის შედეგად სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა

ამავდროულად, ცენტრალურ საფრანგეთში წყალდიდობამ ფართომასშტაბიანი ზიანი და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. მასშტაბური წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის სოფელი ლიმონი დაზარალდა, რომელიც მდინარე რონის ნაპირებზე, ვენახების ძირში მდებარეობს.

შემთხვევის ადგილიდან 1000-ზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველები 2300 სამაშველო ოპერაციაში იყვნენ ჩართული.

წვიმა შეწყდა. მოსახლეობის ნაწილი უკვე დაბრუნდა  სახლებში, რომელთა უმეტესობა  წყალდიდობამ ძლიერ დააზიანა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ არდეშისა და ლოზერის ზოგიერთ რაიონში 48 საათში 685,8 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend