მთავარისაქართველოზღვისუბანში ახალი პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში ახალი პარკი გაიხსნა

თბილისის ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ეს საქალაქო მნიშვნელობის პარკია და მსგავსი მასშტაბის პარკი საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ გაშენებულა. თემქის ხევის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაწილად, რომლებსაც ერთმანეთთან საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს. ტერიტორია სათანადოდ გამწვანდა, დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოების ღირებულება 39 280 534 ლარს შეადგენს.

პარკი დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა შესაბამისი მასშტაბის სამუშაოები შეასრულა: პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომლებიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; გამოიცვალა 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინიფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს.

პარკის გახსნისას შესაბამისად მოწყობილ სცენაზე გაიმართა კონცერტი. სცენასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend