„ჩვენ შევალთ ევროპაში! ყველაფერი ნათელია, საქართველო უკვე გამარჯვებულია და გამარჯვებულია მისი მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან საზოგადოებას მიმართა.
„ის საქართველო, რომელიც ახლა ჩემ წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არის ძალით მოსული, მათთვის არ უთქვამთ, თუ არ მოხვალ, სამსახურს დაკარგავო. არცერთი სტუდენტისთვის არ უთქვამთ, თუ არ მოხვალ, სტიპენდია არ გექნებაო. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა და დღეს აქ ის საზოგადოებაა და არიან ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში”.
სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს.
„მინდა აქედან მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს შენი გამარჯვებისა და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში… მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის, გაიმარჯვებს და ერთად შევალთ ევროპაში”.
გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა მიმართა ევროპელებსა და ამერიკელებს: “ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა, ამ დღეებში გავიგო თქვენგან თუ ან რომ… ყველაფერი ნათელია. აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი”.