უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ე.წ. “გამარჯვების გეგმის” ნაწილი, რომელიც ხუთი პუნქტისა და სამი საიდუმლო დანართისგან შედგება, უკრაინის რადაში წარადგინა.
ზელენსკი რამდენიმე კვირა ცდილობდა ევროპისთვის თავისი გეგმა გაეცნო. მისი თქმით, ომი შეიძლება იმაზე ბევრად მალე დასრულდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია.
გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატოში, რისთვისაც პარტნიორების მხრიდან მონდომებაა საჭირო.
ასევე „ყოვლისმომცველი არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტს“, რომელიც მომავალში ქვეყნის დასაცავადაა აუცილებელი და სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და უკრაინის სამხედრო გამოცდილების გაზიარებას ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„მნიშვნელოვანია ოპერაციების გაძლიერება უკრაინული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით. აუცილებელია, ჩაიდოს ინვესტიციები, რომ მათი წარმოება გაფართოვდეს ჩვენსავე ქვეყანაში. საჭიროა პარტნიორების მიერ შორი დისტანციური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებზე, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის შეთავაზებას მყისიერი რეაგირება მოჰყვა კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მხრიდან, რომელმაც გააკრიტიკა ზელენსკის გეგმა და მას “გარკვეული ეფემერული სამშვიდობო გეგმა” უწოდა, რომელიც რეალურად რუსეთთან საბრძოლველად ვაშინგტონის სტრატეგიის შესანიღბად არის შემუშავებული.
პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა და შეუერთდება ევროკავშირის სამიტს, სადაც ევროსაბჭოს წინაშე წარადგენს გეგმას. დღეს ნატოს მთავარ ოფისშიც არის დაგეგმილი პრესკონფერენცია ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად.