ცესკოს გადაწყვეტილებას, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, ემიგრანტთა არაერთი მიმართვის მიუხედავად, ცესკომ ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი არ დააკმაყოფილა.
„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში.
აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაიგზავნა ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე იყო უსაფრთხოების საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მოვუწოდებთ ცესკოს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.
11 ოქტომბერს ცესკომ საზღვარგარეთ თითო, ჯამში 7 ახალი საარჩევნო უბანი დაამატა იმ ქალაქებში, სადაც ხმის მიცემა აქამდეც იყო შესაძლებელი. ეს ქალაქებია: ნიუ-იორკი (აშშ), რომი (იტალია), ბერლინი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი), პარიზი (საფრანგეთი), ათენი და სალონიკი (საბერძნეთი).