უზბეკეთში ფერღანის ხეობა განთქმულია ხელოსნობის ოსტატებით. ჩვენ გავარკვევთ, თუ რა არის დანებისა და კერამიკის წარმოების საიდუმლო და როგორ ქმნიან ოსტატები ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებს, ან როგორ წვრთნიან მომავალ თაობას, რათა ხელოსნობის მდიდარი ტრადიცია არ გაქრეს.
ხელოსნობის ტრადიციული სახეები უზბეკეთის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი ოსტატები თავიანთი ხელობის საიდუმლოს თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ამ ტრადიციამ დღემდე მოაღწია. თანამედროვე ოსტატების ხელით ისტორია გაცოცხლდა.
უზბეკეთში ფერღანის ხეობაში მდებარე ნამანგანის რეგიონში იმისთვის ჩავედით, რომ დანების ჩამოსხმისა და კერამიკის წარმოების ადგილობრივ ტრადიციებს გავცნობოდით.
ჩვენი მოგზაურობა ქალაქ ჩუსტიდან იწყება. აქ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ დანებს ე.წ. ფჩაკებს ოსტატები, რომელთაც სუზანგარებს უწოდებდნენ. ამ ულამაზესი დანების ამბავი რეგიონის ფარგლებს გარეთაც კარგად იყო ცნობილი. რახიმჯონ უბაიდულაევი სუზანაგარების დინასტიას წარმოადგენს.
რახიმჯონ უბაიდულაევი, დანების ოსტატი:
“დანების დამზადება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს. მე მეექვსე თაობის ოსტატი ვარ, ჩემი ვაჟი მეშვიდეა და ეს ბავშვები მერვე თაობას წარმოადგენენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხელობას“.
სუზანგარმა 70 ოპერაცია უნდა შეასრულოს, სანამ ლითონის ნაჭერი დანად იქცევა. ტრადიციული მეთოდის მიხედვით, მახვილი რომ მტკიცე იყოს, იგი რამდენჯერმე უნდა გახურდეს და გაგრილდეს.
“თუ ძალიან ბევრ წყალს დაასხამ, დანა გატყდება; თუ – ცოტა ნაკლებს, არ იქნება მჭრელი,“ – გვიხსნის რახიმჯონ უბაიდულაევი. „დანა 2-3-ჯერ კი არ იწრთობა, არამედ 10-ჯერ. დანას ცეცხლზე ვახურებთ და ფრთხილად ვჭედავთ, იგი იკუმშება და შემდეგ წყლით ვაგრილებთ. ასეთი დანა 40 წელიწადს იქნება მჭრელი“.
ისტორიულად უზბეკური ფჩაკი სტატუსის სიმბოლო იყო, რომელიც ადგილობრივ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებთან ასოცირდებოდა. დანის ტარის გაჩარხვა ცალკე ოსტატობას მოითხოვს. ჩუსტელი ხელოსნები ტრადიციულად ბუნებრივ მასალებს იყენებდნენ, როგორებიცაა ხე, ძვალი ან რქა. დანის ტარი ხშირად ოსტატურად არის მოვარაყებული ან ჩუქურთმით დამშვენებული. ოსტატ რახიმჯონის ფჩაკი ძვირად ფასობს უცხოეთში კოლქციონერებსა და დანის მოყვარულებს შორის.
„ჩვენს თითოეულ დანას საკუთარი სახელი ჰქვია,“ – განმარტავს დანების ოსტატი. „ამ დანას „ტირიფის ფოთოლი“ დავარქვით. ასე იმიტომ ვუწოდეთ, რომ ძალიან თხელია და ნატიფი. შიდა მხარეს მარგლიტებით არის მოჭედილი. „ტირიფის ფოთოლი“ დამასკური ფოლადისგან არის დამზადებული. ეს დანები 100 და ზოგჯერ 200 წელიწადსაც ძლებს, არ ცვდება“.
ჩემი შემდეგი მიმართულებაა ქალაქი რიშტანი, რომელიც ფერღანის ხეობაში უხსოვარი დროიდან კერამიკის წარმოების ცენტრი იყო. ალიშერ ნაზიროვი, კერამიკის რიშტანელი ოსტატი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთუნეა უზბეკეთში.
ალიშერ ნაზიროვი, კერამიკის ოსტატი:
„ტრადიციის შესანარჩუნებლად მთავარია სკოლის არსებობა, შეგირდების ყოლა. ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ეს თიხა სულიერია. ოსტატები მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის გვთხოვდნენ, რომ თიხას მივსალმებოდით“.
ოსტატი რომ გახდე, მრავალი წელი რუდუნებით უნდა იმუშაო და იბეჯითო. თიხის ამოყვანის ტრადიციული მეთოდი ოსტატს აკავშირებს მიწასთან, საიდანაც იშვა მისი ხელობა.
მეთუნეობა ერთი შეხედვით, ადვილი ჩანს, მაგრამ დიდ ღონესა და ხელის სიმტკიცეს მოითხოვს.
“საიდუმლო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, გულისხმობს მოხატვასა და მოჭიქვას, რისთვისაც იმ მცენერეებს ვიყენებთ, რომლებიც ჩვენთან მთის ძირას ხარობს, მცენარეებს ვაგროვებთ და მათგან ჭიქურს ვამზადებ“, – ამბობს ალიშერ ნაზიროვი.
ოსტატები მრავალ საიდუმლოს გადასცემდნენ თაობებს. კერამიკის გამოწვა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე უმნიშვნელოვანესია კერამიკის დამზადების პროცესში.
ალიშერ ნაზიროვი, კერამიკის ოსტატი:
«გამოწვა ანიჭებს კერამიკას სიმტკიცესა და გამძლეობას. ზოგჯერ ასეთ თეფშებს ძირსაც ვაგდებთ. რიშტანში ისეთი თეფშებიც შეგხვდებათ, რომლებიდანაც დიდი ბაბუა მიირთმევდა ფლავს, ახლა კი თეფშს მისი შვილთაშვილები იყენებენ – ოთხ თაობას გაუძლო!“
რიშტანის კერამიკა ფერთა ფართო პალიტრას გთავაზობს, თანაც თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშია.
ოსტატი ნაწარმის მოხატვის დროს ტრადიციას ეყრდნობა. იგი მოგვითხრობს რიშტანისა და ზოგადად ამ რეგიონის ისტორიას, ნახატის თითოეულ სიმბოლოს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – იგი უსიტყვოდ ამბობს სათქმელს.
“ჩვენი მოხატულობის ტექნიკა ისლამს ეყრდნობა. ისლამი მცენარეთა ენით საუბრობს,“ – განმარტავს ალიშერი. „ბროწეული ნაყოფიერების სიმბოლოა. წიწაკა – ერთგვარი თილისმაა, თევზი სიწმინდეს ნიშნავს. მჯერა, რომ თითოეულ ნამუშევარში სულის ნაწილია ჩადებული“.
უზბეკეთის ტრადიციული კერამიკა, რომელიც რიშტანულ ნაწარმსაც მოიცავს, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
ავტორი: გალინა პოლანსკაია