შაბათს 22:45 საათზე თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიურმა ცენტრმა განაცხადა, რომ ირანის სემნანის პროვინციის ქალაქ არადანში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა აღმოსავლეთ თეირანის ნაწილებში.
მიწისძვრის ეპიცენტრი 12 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანის რეჟიმი ატარებდა პირველ მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდას. სავარაუდოდ, ეს მის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ ერთგვარი შემაკავებელი ღონისძიება იყო.
ეს ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა და რევოლუციური გვარდიის მეთაურებმა არაერთხელ გაავრცელეს მუქარა, რომ, თუ ქვეყანაზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა გაძლიერდებოდა, თეირანი შეცვლიდა თავის სამხედრო თავდაცვის წესებს.
მიუხედავად ამისა, საინფორმაციო ვებსაიტზე NorNew-მა, რომელიც არაფორმალურად ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენს, გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბირთვული ტესტირება არ ჩატარებულა, რადგან ის ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ და თავდაცვის დოქტრინას.
ირანი ამტკიცებს, რომ მსგავს ცდას არ ჩაატარებს, სანამ პოლიტიკური ცვლილებების შესახებ არ განაცხადებს. თუმცა კრიტიკოსებს ამის არ სჯერათ.
არსებობს თუ არა ირანში საიდუმლო ტესტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილები?
2019 წელს დემოკრატიების დაცვის ფონდმა, ვაშინგტონში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, გამოაქვეყნა ანგარიში, რომ ირანმა დაიწყო პროგრამა, სახელწოდებით “საველე პროექტი” მიწისქვეშა ბირთვული საცდელი ობიექტების ასაშენებლად.
ეს ფონდი უკვე ხუთი წელია სანქცირებულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების, წახალისების, კონსულტაციის, ლობირებისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანიის გავრცელების გამო.
სწორედ ამის გამო ფიქრობენ, რომ სემნანის მიწისძვრა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თეირანის პირველ ბირთვულ გამოცდასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ადრე აღიარა “იმამ ხომეინის” კოსმოსური ცენტრისა და სემნანის სამხრეთ-აღმოსავლეთით სარაკეტო შტაბის არსებობა, ეს ადგილი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრზე მეტი მანძილით არის დაშორებული.
თუმცა სოციალურ მედიაში კვლავ იმაზე მსჯელობენ, რომ ირანს შესაძლოა, სემნანის პროვინციაში აქვს საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი, რომელსაც ტესტირებისთვის იყენებს. მათი თქმით, ირანმა მსგავსი გამოცდები ყველასათვის ცნობილ ობიექტზე, ნატანზზე უნდა ჩაატაროს.
თეირანი კი მუდამ ცდილობს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ გააგებინოს და ფარულად აწარმოოს ბირთვული საქმიანობა. თუმცა ამავდროულად, ირანში, სადაც მიწისძვრა ხშირი მოვლენაა, მსგავსი მიწისქვეშა ბიძგები არ არის უჩვეულო.