11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა სახელწოდებით „გისურვებ”. ფოტოგამოფენა ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“, ფარგლებში. ორგანიზატორების თქმით, ამ დღის აღნიშვნით ხაზს უსვამენ გოგოების უფლებებსა და იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, მსოფლიო მასშტაბით და, მათ შორის, საქართველოშიც. ეს თარიღი ემსახურება არსებული გამოწვევების დაძლევის აუცილებლობის გააზრებას და ასევე გოგოების გაძლიერებისა და მათი უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის ხელშეწყობას.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ქორწინების მოტივით კი 38-მა არასრულწლოვანმა მიატოვა სკოლა. ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას.
ამ თემაზე დიალოგის ხელშესაწყობად გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენს 20 განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მშობელს, რომლებსაც მოზარდი გოგოები ჰყავთ და სურთ, ხმა აღიმაღლონ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ, დაგმონ ეს საზიანო პრაქტიკა.
პრაქტიკა, რომელიც გოგოებს უტოვებს ტრავმას, ართმევს ბავშვობასა და შესაძლებლობას, სრულფასოვნად დატკბნენ ბავშვობით, ისწავლონ, ითამაშონ, იოცნებონ და გაეცნონ სამყაროს.
ფოტოგამოფენა ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“, ფარგლებში და მიზნად ისახავს იმ ადამიანების გაერთიანებას, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა პრიორიტეტს წარმოადგენს და ვისაც სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრაში.