უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა, როგორც ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი. მან ევროპარლამენტარებს მომდევნო 6 თვის პრიორიტეტები გააცნო. პრობლემები გლობალური კონკურენტუნარიანობის კუთხით, არალეგალური მიგრაცია, ბლოკის გაფართოება და ევროპის უსაფრთხოება – ეს იყო ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ვიქტორ ორბანმა ყურადღება გაამახვილა. სწორედ ამ საკითხებისა და ასევე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაჩნდა მწვავე უთანხმოება მასსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის.
ევროპელ ლიდერებს შორის უთანხმოების საფუძველი უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან გამკლავების გზები გახდა, ისევე როგორც ევროპის კონკურენტუნარიანობის დაკარგვის საკითხი და არალეგალური მიგრაციის ზრდა.
ვიქტორ ორბანმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარეა, თითქმის ნახევარსაათიანი გამოსვლა ევროკავშირში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო.
„რას ვხედავთ დღეს უკრაინაში, ევროპაში? ომი მძვინვარებს. სერიოზული კონფლიქტები იწვევს ნგრევას ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ყველა კონფლიქტი ესკალაციის საფრთხის წინაშეა. მიგრაციის დონე 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. არსებობს მრავალი საფრთხე და არსებობს შენგენის ზონის დაშლის რისკი. ამავდროულად, მარიო დრაგი ამბობს, რომ ევროპა კარგავს გლობალურ კონკურენტუნარიანობას. ბატონმა მაკრონმა კი თქვა, რომ ევროპა შეიძლება მოკვდეს.
ჩვენ ვართ ევროკავშირის ნაწილი იმის გამო, თუ რად შეიძლება იქცეს იგი მომავალში. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაშინ ვიბრძოლებთ ამისთვის. უნგრეთი დაინტერესებულია ევროკავშირის გაუმჯობესებით. გვჯერა, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის წარმატება მთელი ევროკავშირის წარმატება იქნება. მოდით, ევროპა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
რუტინული სხდომა ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვიქტორ ორბანის სიტყვებს აპლოდისმენტები მოჰყვა. ევროპარლამენტარების ნაწილმა კი ანტიფაშისტური „ბელა ჩაოს” სიმღერა დაიწყო.
ვიქტორ ორბანი რუსეთთან უნგრეთის შესაძლო კავშირების შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა და მოწინააღმდეგეები ორმაგი სტანდარტის ქონაში დაადანაშაულა.
„ომის დაწყების შემდეგ თქვენ, დასავლეთის ქვეყნებმა, რუსული ნავთობი თურქეთისა და ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან 8 მილიარდ დოლარად შეიძინეთ. თქვენ გვაკრიტიკებთ? თქვენ გადაიხადეთ რვა-ნახევარი მილიარდი დოლარი. ეს თვალთმაქცობაა. 2023 წელს, თქვენ, დასავლელებმა იყიდეთ 44%-ით მეტი რუსული ნავთობი, ვიდრე ერთი წლით ადრე. ჩვენ გვაბრალებთ რუსეთთან მეგობრობას? თქვენ აფინანსებთ რუსეთს.
მინდოდა მეთქვა, რომ პრობლემები გვაქვს. არის კონკურენტუნარიანობის პრობლემა, მიგრაციის პრობლემა. მინდოდა მეთქვა, რომ ცვლილებებია საჭირო და შემომეთავაზებინა უნგრეთის თავმჯდომარეობის წინადადებები. მაგრამ თქვენ ეს შეხვედრა პარტიულ შეტაკებად აქციეთ. ღრმად ვწუხვარ ამის გამო. მაგრამ არ ვაპირებ ვალში ვიყო რომელიმე თქვენგანთან. თუ თავს დაგვესხნენ, მე ჩემ ქვეყანას დავიცავ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანი მწვავედ გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომელსაც ადრე უნგრეთისადმი ზედმეტად ლმობიერი დამოკიდებულის გამო უარყოფითად აფასებდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, უნგრეთი რუსული ნავთობის მოპოვების ალტერნატიულ გზებს ეძებს და იგი რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის საზღვრების გადმოკვეთის უფლებას დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე აძლევს.
სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ორბანის პრორუსულ განწყობებზეც მიანიშნა.
„ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ომს არა აგრესორს, არამედ იმას აბრალებენ, ვის დაპყრობასაც ცდილობენ. ზოგი ამ ომს აბრალებს არა პუტინის ლტოლვას ძალაუფლებისკენ, არამედ უკრაინელების წყურვილს თავისუფლებისთვის. მსურს მათ ვკითხო, ოდესმე დააკისრებდნენ თუ არა პასუხისმგებლობას უნგრელებს 1956 წელს საბჭოთა კავშირის აგრესიისთვის? 1991 წლის საბჭოთა დარბევას დააბრალებდნენ ლიტველებს?
ჩვენ, ევროპელებს, შესაძლოა განსხვავებული ენები და ისტორია გვქონდეს. მაგრამ არ არსებობს ევროპული ენა, სადაც მშვიდობა დანებებას ნიშნავს, ან დამოუკიდებლობა ოკუპაციას. უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხია, სწორედ იმ გმირების მსგავსად, რომლებმაც საბჭოთა მმართველობისგან გაათავისუფლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის უჩვეულოდ მკაცრი განცხადებები დადებითად შეაფასეს ცენტრისტმა ევროპარლამენტარებმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით დასასრულს უნგრელ ხალხსაც მიმართა და განაცხადა, რომ ერთიანი მომავლის შენება უნდა განაგრძონ.
ამავდროულად, ვიქტორ ორბანი სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს, რომ კონტინენტის პოლიტიკური კლიმატი მის სასარგებლოდ იცვლება იტალიაში, ავსტრიასა და ნიდერლანდებში მემარჯვენე პარტიების წარმატების ფონზე და ევროპარლამენტის ახალი ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის” მზარდი გავლენის გათვალისწინებით.