მთავარისაქართველო„ტექნიკური მთავრობის“ საკითხზე ორბელიანების სასახლეში კონსულტაციების მესამე დღე დასრულდა

„ტექნიკური მთავრობის“ საკითხზე ორბელიანების სასახლეში კონსულტაციების მესამე დღე დასრულდა

17 დღე რჩება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. პოლიტიკური სპექტრი აგრძელებს კენჭისყრის დღისთვის მზადებას. პარტიებისა და კოალიციების შეფასებით, ეს თარიღი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამ მოსაზრებას იზიარებენ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ფლანგზე, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციით.

მზადების პარალელურად, უკვე მესამე დღეა, ორბელიანების სასახლე პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი მთავარი წერტილია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს შეხვედრებს „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ ოპოზიციურ კოალიციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან. დღეს, 9 ოქტომბერს, უკვე მეოთხე შეხვედრა გაიმართა და დახურულ კარს მიღმა კონსულტაციების მონაწილეები იყვნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გიორგი გახარია, ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბერდია სიჭინავა. ყოფილი პრემიერის გუნდმა შეხვედრა მალევე დატოვა. მათ დადებითად შეაფასეს პროცესებში პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობა და თავად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა. გიორგი გახარიას გუნდში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, ახლა აქცენტი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაკეთდეს, თუმცა მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეხვდნენ პრეზიდენტს. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ რჩებიან „ქართული ქარტიის“ პრინციპების ერთგულნი, თუმცა, თავის მხრივ, საკუთარ პრინციპებზეც საუბრობენ. გიორგი გახარიას გუნდის თქმით, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან.

ასევე პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ მიესალმებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერის პოლიტიკური გუნდის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში რადიკალიზმის დონეს გაზრდის და ხელს შეუწყობს უკიდურეს პოლარიზაციას.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია – ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ „ოცნება“ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენს პოზიციას. ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთავარი მიზანია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა: ეს არის ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური რევანშისტული იდეები. ერთიც დამაზიანებელია და მეორეც ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ამიტომ ვამბობთ, ქვეყანაში რომ იყოს სიმშვიდე, არა რადიკალიზაცია, არა დაპირისპირება, არა არჩევნების მეორე დღეს გაწევ-გამოწევა, რომ იყოს სიმშვიდე, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომ არც ერთ და არც მეორე ძალას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის ერთპარტიულად მართვაზე იფიქროს.

კარგად მახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ არცერთ კონტექსტში და არცერთი სცენარის პირობებში ის არ აპირებს და არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მე მიხეილ სააკაშვილის ჯინი კი არ მჭირს, უბრალოდ, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა და კიდევ უფრო მეტი საფრთხეა“, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

„ტექნიკური მთავრობის“ ჩამოყალიბების საკითხზე უცვლელია „ქართული ოცნების“ პოზიცია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით არის კონსტიტუციის დარღვევის კიდევ ერთი აშკარა მაგალითი. სახელისუფლებო პარტიაში კვლავ საუბრობენ დიდ მხარდაჭერაზე და ამბობენ, რომ არც ერთი სცენარით არ განიხილავენ არჩევნებში დამარცხებას.

„„დროებითი მთავრობა“, „ტექნიკური მთავრობა“ – ეს ის ტერმინებია, რომლებიც ჩვენ მაშინ მოვისმინეთ, 2022 წლის ივნისში „ენჯეოების“ „რევოლუცია“ რომ ეწყობოდა. ეს ის სცენარია, რომლის მიხედვითაც, უნდა ჩამოყალიბებულიყო დროებითი მთავრობა, რომელიც იქნებოდა დაკომპლექტებული არა პოლიტიკოსებით, არამედ ვიღაც „ტექნოკრატებით“ და სადაც უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ექნებოდათ ვეტოს უფლება. სიტყვა-სიტყვით გადმოღებულია ამ „ომის ქარტიაში“ ეს პრინციპები, რომელთა მიხედვითაც, ფაქტობრივად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საქართველოს „ბანანის რესპუბლიკად“ აცხადებენ. თითქოს, ქართველ ხალხს არ აქვს იმის ცოდნა და უნარი, რომ აირჩიოს ხელისუფლება. ეს არის რაღაც „სამხედრო საბჭოს“ მსგავსი დროებითი მთავრობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ორბელიანების სასახლეში კონსულტაციების მესამე დღის დასრულების შემდეგ ცნობილია ოპოზიციური კოალიციებისა და პარტიების ზოგადი შეფასებები. 7 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები შეხვდნენ, 8 ოქტომბერს ორი შეხვედრა გაიმართა კოალიციების, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ყველა მათგანმა პროცესები დადებითად შეაფასა, ხაზი გაუსვა პრეზიდენტის როლს და განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ხელმოწერით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.

შედარებით განსხვავებული აღმოჩნდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ კონსულტაციები მომავალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არჩევნებამდე არაა მართებული და ამგვარი გადაწყვეტილებები ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კი, რომელიც ქარტიის ბოლო ხელმომწერია, აცხადებს, რომ რჩება პროცესებში და საჭიროების შემთხვევაში განაგრძობს პრეზიდენტთან შეხვედრებს.

„ქართულ ქარტიაზე“ ხელი არ აქვთ მოწერილი პარტია „გირჩსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend