საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელების ნაწილი არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.
„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
განაჩენში ასევე ვკითხულობთ, რომ ის უფლებამოსილია, განხილვას კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში დაუბრუნდეს. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება, რადგან მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეზღუდული ვადები არ აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია მოსამართლეთა კოლეგიის ამ ნაბიჯს კრიტიკულად აფასებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გმობენ უსამართლო პოლიტიკას ქართველი ხალხის მიმართ და არ უერთდებიან კოლეგების გადაწყვეტილებას.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას დაადგა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმ 84 დეპუტატის ბედი გაიზიარეს, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს, როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიასა და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.
„საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს საქართველოს კონსტიტუცია დაეცვათ, თავისი თავი მიამატეს 84 რუსი დეპუტატის სიას, რომლებმაც „რუსულ კანონს“ ხელი მოაწერეს. ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ვერ და არ დაიცვა და ამით უარი უთხრა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს და კონსტიტუციით გაცხადებულ ურყევ ნებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათი აზრით, ის ობიექტურია.
„ეს კანონი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, კონკრეტული სარჩელების დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების საკითხი სრულად დამოკიდებული იყო მოსამართლეებზე, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით. თუ ეს ყველაფერი ობიექტურად უნდა მომხდარიყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დაკმაყოფილდებოდა ეს სარჩელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის სრულ თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელი საქართველოს პრეზიდენტმა, 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო და ორმა მედიაორგანიზაციამ შეიტანეს.