მთავარისაქართველო„ტექნიკური მთავრობის“ საკითხი - კონსულტაციების მეორე დღის შედეგები

„ტექნიკური მთავრობის“ საკითხი – კონსულტაციების მეორე დღის შედეგები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 18 დღე რჩება. კენჭისყრის დღისთვის მზადების პარალელურად „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები და კოალიციები განაგრძობენ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრებს. კონსულტაციების მეორე დღეს, 8 ოქტომბერს, „ტექნიკური მთავრობის“ ჩამოყალიბების საკითხზე ათონელის რეზიდენციაში კოალიციების, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, ლიდერები იმყოფებოდნენ.

შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ კოალიციების ლიდერებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, საუბარი პრემიერ-მინისტრის ვინაობაზე არ ყოფილა. ორივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერთა გზავნილებში საერთო იყო ის, რომ მხარს უჭერენ „ქართული ქარტიის“ პრინციპებს, აპირებენ ქარტიის ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, პატივისცემას უდასტურებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და გეგმავენ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას.

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, კოალიციაში „ძლიერი საქართველო“ არამიზანშეწონილად მიაჩნიათ დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება საპარლამენტო არჩევნებამდე. კოალიციის ლიდერების განცხადებით, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობაში.

„ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კონკრეტული – ამ ქვეყანაში ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იყოს განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით პრეზიდენტს. ჩვენ დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„ჩვენ ვემორჩილებით საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ბოლო 100 წელია, ამბობს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ჩვენ ვემორჩილებით ქართველი ხალხის ნებას, რომელიც განხორციელდება და საკუთარ ვერდიქტს 26 ოქტომბერს გამოიტანს. ჩვენ გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. შემდეგ მთავრობას შეარჩევს არა რომელიმე პოლიტიკოსი კაბინეტში, მათ შორის, არც ჩვენ, არამედ შეარჩევს ამომრჩეველი, ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებთან. ჩვენთვის უპირველესი და ასეც უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომელიც დღეს არ გვაქვს იმიტომ, რომ ერთი კაცი თავის სასახლეში არჩევს, ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ არა და ვინ უნდა იყოს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ჩვენთვის მთავარი არის ამ პრინციპის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ გვინდა კონსტიტუციას დავუბრუნოთ ცხოვრება და მის მთავარ დებულებას, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი! 26 ოქტომბერს ამიტომ ველოდებით მთელი ქვეყანა, რათა პრინციპი ერთი კაცი ზემოდან რომ გვინიშნავს მინისტრებს, შევცვალოთ და ხალხს დავანიშვნინოთ მთავრობა. 26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს, ვინ იქნება მინისტრი და ვინ იქნება პრემიერი“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.

კოალიციაში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებენ, რომ მათი მთავარი ფოკუსი ახლა 26 ოქტომბრის საღამოს რვა საათზეა მიმართული, როცა, სავარაუდოდ, სულ მცირე, ეგზიტპოლის პირველადი შედეგები იქნება ცნობილი და ის, თუ ვინ ჩაიბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს, ანუ „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით, თუ „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული ერთწლიანი „ტექნიკური მთავრობა“. კოალიციაში ადასტურებენ, რომ კონსულტაციები პრეზიდენტთან გაგრძელდება ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პირისპირი შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან თუ გაფართოებული მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ისევე მყარად სწამს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ, დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის – კი ევროპას! ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმას, რომ მან უკვე გადადგა წინმსწრები ნაბიჯები, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ ამ საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

„ მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში შედგება შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე. 100%-ით გარანტიას გაძლევთ, რომ ოპოზიციური ფლანგი შეთანხმდება ყველა ამ საკითხზე და არჩევნების შემდგომ ღირსეული მთავრობა ეყოლება ამ ქვეყანას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისკენ წაიყვანს“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დაწყებულ პროცესებს დადებითად აფასებენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას გუნდი პრეზიდენტს ჯერჯერობით არ შეხვედრია, ისინი ხაზს უსვამენ „ქართული ქარტიის“ ძირითადი პრინციპების შესრულების მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ ქარტიაზე ხელმოწერით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.

მმართველი გუნდი კი კვლავ მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმა კონკრეტულ შედეგს ქვეყანას არ მოუტანს და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევით ქართველი ხალხი ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. მმართველი პარტიის ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს და მის ნაბიჯებს სერიოზულად არ აღიქვამენ.

„სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ ის ყველანაირად გასცდა კონსტიტუციას. მისთვის კონსტიტუცია აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, ამიტომ, თვითონ ჩანასახშივე ის დოკუმენტი, რაც პრეზიდენტმა მოიგონა, არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ამასთანავე, აბსოლუტურად არაფრის მომცემი, მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. როგორც დღეს ის არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, ასევე უფუნქციოდ დარჩება მომავალში, იმიტომ, რომ ამ ქარტიას ამოქმედების პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. საერთოდ არ მაინტერესებს ეს კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები და არც მათი მხარდამჭერები, მაგრამ პირველ რიგში მათი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, გამოდიან და ამბობენ, ხმა მოგვეცით, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო და საუბარი არის ტექნიკურ მთავრობაზე. მაშინ ვის აძლევ ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, არიან ჩვეულებრივი მსახიობები, რომლებსაც კონკრეტული როლები აქვთ მინიჭებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური გუნდი, როგორიც არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან მყარი, ძალიან მაგარი მხარდაჭერა აქვს. 2012 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, მე ასეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, არ მახსოვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ტექნიკური მთავრობის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გუშინ, 7 ოქტომბერს, დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიის” ხელმომწერ კოალიციას „ცვლილებისთვის“ და მის ლიდერებს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას, უმასპინძლა. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან დადებითად შეფასდა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტია“, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ითვალისწინებს დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც პროფესიონალებითა და საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებისგან იქნება დაკომპლექტებული. ქვეყნის მართვის სადავეებს ის მხოლოდ 1 წლით ჩაიბარებს, შემდეგ კი ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პირობას დებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend