მთავარისაქართველო„ტექნიკური მთავრობის საკითხი“ - საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციები დაიწყო

„ტექნიკური მთავრობის საკითხი“ – საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციები დაიწყო

„ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პროდასავლურ პოლიტიკურ სუბიექტებსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების პირველი დღე დასრულდა.

ქარტიაზე ხელმომწერები მიესალმებიან „ტექნიკური მთავრობის“ ინიციატივას.

„ტექნიკური მთავრობა“ გულისხმობს პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას 1 წლით უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 19 დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიის” ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. კონსულტაციების მთავარი თემა 26 ოქტომბრის შემდეგ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხია.

პირველები პრეზიდენტთან ამ თემის განსახილველად კოალიცია „ცვლილებისთვის” წარმომადგენლები მივიდნენ. კოალიციის ლიდერების, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოლაპარაკებების პროცესი ოთხივე ლიდერმა დადებითად შეაფასა. მათი თქმით, აუდიენცია მშვიდ, კონსტრუქციულ და მათთვის მისაღებ გარემოში წარიმართა. ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლის მნიშვნელობას.

კოალიცია „ცვლილებისთვის” ლიდერების განმარტებით, საუბარი იმის შესახებ, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება, ან კონკრეტულად ვინ ჩაიბარებს მინისტრთა კაბინეტს, არ ყოფილა. მათივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საუბარია გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს მხოლოდ 1 წლით ჩაიბარებს.

„ჩვენ ვართ ქარტიის ერთგულები, სადაც წერია, რომ ტექნიკურ და გარდამავალ მთავრობას ვეთანხმებით. ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ და არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ ამ სიტყვას. იქვე წერია, რომ პრეზიდენტია წამყვანი ფიგურა ამ შეთავაზების დროს. მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. განცხადებას თავად პრეზიდენტი გააკეთებს, იმიტომ, რომ ეს მისი ინიციატივაა, თუმცა შემაჯამებლად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

„ხედვებს, რომლებიც პრეზიდენტმა გააჟღერა, ფაქტობრივად, ყველაფერში ვეთანხმებით. ჩვენ გვქონდა გარკვეული იდეები, რომლებზეც მომავალში ვისაუბრებთ. იდეების ნაწილი შევთავაზეთ და პრეზიდენტს ისინი მოეწონა. ყველაფრის ამოსავალი წერტილი, ჩვენთვისაც და პრეზიდენტისთვისაც, არის „ქართული ქარტია“, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც იმავეს გავიმეორებთ, რომ ვართ ქარტიის პრინციპების ერთგულნი ყველა საკითხში, მათ შორის, მთავრობის ფორმირების, და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას უკვე შერჩეული ჰყავს მომავალი ტექნიკური მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. მისი შეფასებით, ის „სუფთა პოლიტიკური წარსულისაა და საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს”.

დაწყებულ კონსულტაციებს აფასებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 8 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი კოალიციების, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდება. ორივე ოპოზიციური გაერთიანება აცხადებს, რომ „ქართული ქარტიის” პრინციპების ერთგულია და პატივისცემას უდასტურებს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„ჩვენთვის უმთავრესია 26 ოქტომბერს შეიცვალოს რუსი ოლიგარქის ხელისუფლება და ახალი სამთავრობო გუნდის პრიორიტეტები იყოს სწორედ ევროპული რეფორმების განხორციელება. ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა პრეზიდენტს. ჩვენ ამ როლს ვაფასებთ და, იმედი გვაქვს, მომავალშიც ევროპული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ასე გაგრძელდება. ჩვენ მოვისმენთ მის შეხედულებებს, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქარტიას ჰქონდა სამი ნაწილი. იყო ცხრა ევროპული რეკომენდაცია, რომლის სულისკვეთებასაც ჩვენ მაშინაც ვიზიარებდით და, ბუნებრივია, ხელმოწერითაც დავადასტურეთ. პრინციპებს შორის იყო „ტექნიკური მთავრობა“, რომელიც გამოსავლად მიგვაჩნია, როცა ევროპული კურსის დაცვასთან ერთად, ჩვენი ამოცანა არის არც „ქართული ოცნებისა“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

„ჩვენ ვრჩებით ქარტიის ერთგულნი, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენთვის მთავარი რჩება 26 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე ოპოზიციის გამარჯვება. სხვა საკითხები, მათ შორის სხვადასხვა თანამდებობაზე მსჯელობა, შემდგომ მინისტრთა კაბინეტში პოზიციების გადანაწილება და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელთა მთავარი მიზანიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციაა, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ 27 ოქტომბრიდან, ხელისუფლების დამარცხების შემდეგ“, – თქვა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.

რაც შეეხება მმართველ პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ტექნიკური მთავრობის იდეას აბსურდულს უწოდებენ, ოპოზიციას არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ და სახელისუფლებო პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე საუბრობენ.

„ქვეყნის მოსახლეობისთვის სათქმელი აღარაფერი არ აქვთ და რაღაცას მოიგონებენ, დასხდებიან, დაავალებენ და შემდეგ ამ სისულელეს აჟღერებენ, ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით. ამ შემთხვევაში კი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააჟღერებინეს უცხოელებმა, ეს განცხადება, რაც ტექნიკურ მთავრობას უკავშირდება. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი. არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ჰქვია და ის ხელისუფლებაში ქართველი ხალხის დახმარებით კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. ამის ძალიან მაღალი შესაძლებლობა დღევანდელ გუნდს აქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„საერთოდ არავინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, ხოლო ქართველი ხალხი მხარს უჭერს ერთადერთ ეროვნულ ძალას – „ქართულ ოცნებას“. ხაზს გავუსვამთ, რომ ჩვენი 60%-იანი მხარდაჭერა არის მზარდი. ობიექტურად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება ე.წ. „პრემიერობის“ კანდიდატის დასახელებას, რადგან ის არის მარიონეტული თანამდებობის პირი, რომელიც გარედან იღებს დავალებებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

„ტრაგიკომედიაა, როცა სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე ფიქრობს, შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურებს განიხილავს და მთავრობას აკომპლექტებს. ამის შეფასება არასერიოზულია. სულ მცირე, კვლევებს ჩახედოს და ქარტიაზე ხელმომწერ სპექტრს გადახედოს. დამერწმუნოს, 26 ოქტომბერს ამას ნათლად ნახავს არა მხოლოდ ის, არამედ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახელითაა ცნობილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

ოპოზიციური ძალების უმრავლესობამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის ინიციატივით 26 მაისს წარდგენილ „ქართულ ქარტიას“. დოკუმენტზე ერთ-ერთი ბოლო ხელმოწერა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

ქარტიაზე ხელმომწერებს მთელი რიგი ვალდებულებები აკისრიათ, მათ შორისაა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო კანონების გაუქმება, რომლებიც, ოპოზიციის, საქართველოს პრეზიდენტისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ ევროინტეგრაციის შემაფერხებლებადაა შეფასებული.

ქარტია ხელმომწერებს ასევე ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

განსაზღვრულია ვადებიც, რეფორმები პირველი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2025 წლის 27 ივნისამდე უნდა შესრულდეს. ქარტიის პრინციპების შესრულებისთანავე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დებენ პირობას, რომ საქართველოში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ისინი ასევე დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. „ტექნიკური მთავრობა“, რომელსაც სწორედ საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend