ვაჟა ფშაველას მეექვსე კვარტალი მრავალფეროვანი მწვანე სივრცეებით გამოირჩევა…
აქ მრავლადაა დიდი ხე და პატარა ბუჩქი, ღია სპორტული თუ სათამაშო მოედანი, სათემო ბაღი…
თუმცა ისევე, როგორც მთელ ქალაქში, აქაც არსებობს სივრცის მოვლის არაერთი პრობლემა.
ამ პატარა პარკების მიმდებარე ტერიტორიას სულ უფრო მეტად იკავებს ავტოფარეხები და ქაოსურად გაჩერებული მანქანები.
ჩნდება ახალი შენობები ან მათი აშენების საფრთხე.
სწორედ ვაჟა ფშაველას მეექვსე კვარტალში, ერთ-ერთი შენობის უკანა მხარეს, აუთვისებელ ტერიტორიაზე მწვანე სამეზობლოს სივრცე ეწყობა.
აქ ბოლო კვირის განმავლობაში მოხალისეები ახალ სივრცეს აწყობენ, მანამდე აუთვისებელ ტერიტორიას ამწვანებენ და მოსახლეობის შესაკრებ სივრცეს ქმნიან.
„ამ პროექტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიიდან მუშაობენ. მისი მიზანი ამ უბანში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა. ჩვენ აუცილებლად გავაუმჯობესეთ აქაურობას, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოხალისე სტუდენტების დახმარებით… „მწვანე სამეზობლო“ ცოცხალი ლაბორატორიაა, რომელიც უბნის გამწვანებაზე ზრუნავს. ვაჟა-ფშაველას გამზირი ბუნებრივად გამწვანებულია, თუმცა ბევრია აუთვისებელი ადგილიც. ჩვენი მიზანი კი, აქაურობის გამწვანებაა, რათა ამ უბანში უკეთესი საცხოვრებელი გარემო იყოს“, – ამბობს ბარბარა ენგელი, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელი.
„ცოცხალი ლაბორატორია“ 2020 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება დიდ საცხოვრებელ კომპლექსებში არსებული სივრცეების სამომავლოდ შენარჩუნება და მათი მდგრადი განვითარება.
ქართველ სტუდენტთან ერთად პროექტში უცხოელებიც არიან ჩართულები ოდესისა და კარლსრუეს სასწავლებლებიდან.
„ამ პროექტს „ცოცხალი ლაბორატორია” ჰქვია. ჩვენი მთავარი მიზანი კი აქ მცხოვრებლების საჭიროებების გაგებაა, რათა მცირე ნაბიჯებით მათი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, რათა ეს სივრცე გამოვაცოცხლოთ… ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენს კონცეფციასა და ნახაზებზე დაუღალავად ვმუშაობთ. ერთი სული მაქვს საბოლოო შედეგსა და ადგილობრივების რეაქციას როდის ვნახავ…. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს ხშირად ვმართავთ. ისინიც მოდიან ჩვენთან და გვაწვდიან იდეებს, გვიყვებიან თავიანთ პრობლემებსა და სურვილებზე“, – ამბობს სოფია ვანიკი, მოხალისე.
„ამ ყველაფრის მიზანია, რომ არქიტექტურა არ იყოს საზოგადოებისგან იზოლირებული. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით, არის უშუალოდ მათი გამოყენების საგანი და, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მათი მოთხოვნებისგან დამოუკიდებლად გავაკეთოთ რამე და საკუთარი ამბიციების სურვილს ავყვეთ. მიზანიც სწორედ ესაა, რომ მოვერგოთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რეალობაში გამოვცადოთ, რამდენად მუშაობს ჩვენ მიერ შესრულებული კონცეპტუალური პროექტები“, – ამბობს გიორგი გოგავა, მოხალისე.
პროექტში ჩართულები ამბობენ, რომ ბევრი ასეთი სივრცე უნდა იყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რადგან მოსახლეობამ თავად დაგეგმოს და განიხილოს, თუ როგორ გარემოში უნდა ცხოვრება.
შემდეგ კი, ეს მოსაზრება თანმიმდევრულ გეგმაში გარდაისახოს და ქალაქის ხელისუფლებამ სწორედ მოსახლეობის სურვილისა და მოთხოვნილებების შესაბამისად დაგეგმოს და განავითაროს უბნებისა თუ ქალაქების ინფრასტრუქტურა.