ირლანდიაში, დუბლინში, იმართება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. მმართველ პარტიას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს. ეუთოს საშემოდგომო სესიის მთავარი თემა რეგიონული კონფლიქტებია. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.
„ამ ორგანიზაციის ფუნდამენტური მიზანი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაა, თუმცა ჩვენ გამუდმებით გვიწევს კონფლიქტებზე საუბარი. საქართველო ეუთოს მონაწილე ის ქვეყანაა, რომელიც ათწლეულებია საკუთარ თავზე განიცდის საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის შედეგებს. კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ამ პროცესში ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართულია, თუმცა ამ დრომდე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარი ძალიან რთულია. დღეს საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიციას ეუთოს სესიაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წარმოადგენს. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას 26 ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ.
„მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპები, რომლებიც ეუთოს საფუძველს წარმოადგენს, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგება პუტინის მიერ მაშინ, როდესაც ის უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბომბავს.
ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩნენ სხვა ისეთი ავტორიტარები, როგორიც საქართველოს მმართველი ბიძინა ივანიშვილია და სამარცხვინო მცდელობები, ომის შიშის დანერგვით შეინარჩუნონ ძალაუფლება.
გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ ივანიშვილის კრემლიდან შთაგონებული პროპაგანდა რუსეთის უძლეველობის მითებსა და ცინიზმს ეფუძნება, რომ დასავლეთის მშვიდობისმოყვარე ერები კონფლიქტების გაჩაღებას ცდილობენ.
მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა და უსაფრთხოება აირჩია.
„ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით.
მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ამ ისტორიულ არჩევნებზე, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ევროატლანტიკური გზა. მადლობას გიხდით ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.