1-ელ ოქტომბერს უკრაინა ქვეყნის მცველების დღეს აღნიშნავს.
„ეს არის დღე მათთვის, ვინც ხვალინდელ დღეს შესაძლებელს ხდის“, – ასე მიულოცა ჯარისკაცებს ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამ დღეს უკრაინა ყოველ 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს. ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებმა უკრაინის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უძღვებოდა. მან ხაზი გაუსვა უკრაინელი ჯარისკაცების ურყევ თავდადებას, რომლებიც 951 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით იბრძოდნენ.
„დღეს დიდებული დღეა, უკრაინის დამცველთა დღე, მათი, ვინც ხვალინდელ დღეს შესაძლებელს ხდის. მათი წყალობითაც არსებობს უკრაინა და ვდგავართ აქ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენი დროშების ქვეშ. უკრაინის დამცველთა წყალობით გაიმარჯვებს სიცოცხლე, გმადლობ თქვენ, შეუპოვარო და მამაცო ადამიანებო. თქვენ დიდ მისიას ასრულებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Незалежність України – це здобуток кожного й кожної, хто бореться заради неї, захищає нашу державу і хто своє життя віддав, щоб Україна жила. Вічна та світла пам’ять усім українським героям! Вічна вдячність за те, що Україна є.
🇺🇦🇺🇦🇺🇦 pic.twitter.com/rYvi3iwqvL
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 1, 2024
ოფიციალური ღონისძიების პარალელურად ასობით მოქალაქე კიევის დამოუკიდებლობის მოედანზეც შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ დონეცკის რეგიონში, ფრონტის ხაზზე დაღუპულის, 30 წლის დენის სტაშენკოს და და დედაც.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, თუ რას განიცდის ჩემი ოჯახი ახლა… თუ რა გამოვიარეთ, როდესაც ყოველდღე ვღელავდით, შეგვეხმიანებოდა თუ არა ჩემი ძმა. ჩვენ მას მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მოვიგონებთ”, – ამბობს ანგელინა სტაშენკო, დენის სტაშენკოს და.
„იმედი მაქვს ის ოცნებები, რომლებზეც ყველა უკრაინელის მსგავსად ჩვენი შვილებიც ოცნებოდნენ, მომავლის უკრაინაში მაინც ახდება და მომავალი თაობა არ დაივიწყებს იმ მსხვერპლს, რაც ჩვენმა ნათესავებმა გაიღეს სინათლისთვის. იმედი მაქვს, უკრაინის მომავალი ნათელი იქნება“, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა, გალინა სტაშენკო.
ქვეყნის მცველების დღე სახალხო დღესასწაულის სახელს 2015 წლიდან ატარებს. თუმცა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ამ დღემ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.
2024 წლის 1-ელ ოქტომბერსაც, მაშინ, როდესაც მოქალაქეები დაღუპულ ჯარისკაცებს წუთიერი დუმილით აგებდნენ პატივს, უკრაინის სამხრეთში რუსეთის საჰაერო თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.