საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის დედაქალაქში იმყოფება. ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ეროვნული გამოწვევების ფონზე ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვასა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გამტარი გახდა.
„„ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების მარიონეტი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რუსეთის სტრატეგიები სამხედრო არ არის. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა მათთვის საკმარისია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკრაინა გაძლიერდება, ვფიქრობ, ამ ყველა საფრთხეზე პასუხს ნამდვილად უკრაინის ირგვლივ სოლიდარობა წარმოადგენს, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის ომის მოგების შესაძლებლობა.
ჩვენ, ვინც ისტორიას ვიცნობთ, ვიცით, რომ მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არსებობს. მშვიდობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ის სამართლიანია, მშვიდობაა მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს თავისუფლება და როცა ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. დარწმუნებული ვარ მშვიდობა იქნება მაშინ, როცა რუსეთი გაიგებს, რომ ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ხალხს, მასაც აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს. მან უნდა იცოდეს, პირველ რიგში, სად არის მისი საზღვრები, პატივი სცეს საზღვრებს, პატივი სცეს მეზობლებს და დათანხმდეს საკუთარ საზღვრებში ყოფნას. ეს არის ერთადერთი მშვიდობა, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას წარმოადგენს.
რუსეთის მცდელობების მიუხედავად, შეცვალოს საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80% წლების განმავლობაში, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზასა და ევროპულ მომავალს. არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, განმსაზღვრელი იქნება. არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინა, რადგან ის იბრძვის როგორც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის, ის ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ევროპის მომავალი განისაზღვრება უკრაინის ომის შედეგით, მოლდოვის არჩევნების შედეგითა და საქართველოს არჩევნების შედეგით. ეს განსაზღვრავს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და შავი ზღვის, როგორც თანამშრომლობის ზღვის, როგორც მშვიდობისა და დაკავშირებადობის ზღვის მომავალს. ეს განსაზღვრავს ევროპის როლს კავკასიაში. ეს განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზას ადგას. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამ დღეებში სასწორზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ვარშავის უსაფრთხოების კონფერენცია 1-ელ ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პანელური დისკუსიების ფორმატში მთავარი განსახილველი საკითხები კრემლის პოლიტიკა, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი და ევროპის უსაფრთხოების საკითხები იქნება.