საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთელი ევროპისთვის და, მათ შორის, ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია.
საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა და ასევე სჭირდება საქართველოში დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და, რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.