მთავარისაქართველორატომაა საჭირო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია?!

რატომაა საჭირო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია?!

„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ეროვნული ღირებულებები და ინტერესები, ჩამოყალიბებულია ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვა და განსაზღვრულია სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები”, – ვკითხულობთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემაში სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ექსპერტებისა და მკვლევრების აზრით, ამ დოკუმენტებში გამორჩეულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რადგან მასში ასახულია, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები, რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და რას წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

ესაა უსაფრთხოების ერთგვარი კონსტიტუცია – ამბობენ ექსპერტები.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში ორი მთავარი დოკუმენტია, ერთია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, მეორეა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც განსხვავებით ამ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტისგან საიდუმლო დოკუმენტია“, – ამბობს გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი.

ხოლო საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი დასძენს, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც კი ზოგადად სახელმწიფოში სხვადასხვა სფეროში არსებობს.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა. ევრონიუს ჯორჯიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიმართა კითხვით, მუშაობენ თუ არა ამ დოკუმენტზე, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. სამაგიეროდ, უწყების ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე დაიწყო მუშაობა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია. დოკუმენტის განახლების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები და შეხვედრები“.

როგორც ექსპერტები ამბობენ, დოკუმენტი აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის გარშემო სიტუაცია მნიშვნელოვნადაა შეცვლილი…

„ყველაფერი შეიცვალა ჩვენ გარშემო, რეგიონშიც მათ შორის. უკრაინაში რუსეთის შეჭრას რომ თავი დავანებოთ, ყარაბაღი აღარ არსებობს. საგარეო პრიორიტეტები გადაიხედა“, – ამბობს გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი.

რა ხდება, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთ შეცვლილ გარემოში მსგავსი დოკუმენტი არ აქვს ჩვენს ქვეყანას?! მკვლევრები ამბობენ, რომ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტიდან ერთხელ განახლდა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ისიც მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც საიდუმლო ინფორმაციაა შესული. უსაფრთხოების საბჭოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ განახლებული დოკუმენტი მოიცავს 2015-2018 წლებს. მკვლევრების აზრით, ამ ნაწილსაც სჭირდება განახლება. რაც შეეხება უსაფრთხოების კონცეფციას, 2011 წლის შემდეგ ამ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული რომ არაა, ეს დაუშვებელია.

„ხელისუფლება, რომელიც ამაზე (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია) უარს ამბობს სხვადასხვა მიზეზით და ამის რეალიზებას არ აკეთებს ცხოვრებაში, ის ფაქტობრივად უგულებელყოფს ეროვნულ უსაფრთხოებას, როგორც მდგრად, ჩამოყალიბებულ პოლიტიკას“, – აცხადებს „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე.

2011 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რისკს კი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ორგანიზებული ტერორისტული აქტები წარმოადგენს. 2011 წლის დოკუმენტში საგარეო კავშირების განმტკიცების მიზნების ნაწილში წერია, რომ აშშ-სა და უკრაინასთან თანამშრომლობა უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო. ის, თუ რა ძირითადი მიმართულებები გამოიყოფა ახალ დოკუმენტში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც იგი ხელმისაწვდომი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend