„ეს ორნამენტები გაკეთებულია ლაზების მიერ. ყველა ორნამენტი ხელითაა გაკეთებული. ძლიერი ხელოსნები იყვნენ და ისინი აკეთებდნენ ამ ფრესკებს“, – გვიყვება გეგელიძეების მეჩეთის იმამი, სულეიმან ბერიძე.
ჯამეს უწოდებენ ამ მეჩეთებს აჭარაში. ამბობენ, რომ ეს სალოცავები საუკუნეებს ითვლის.
„ორ საუკუნეზე მეტია, რაც ეს მეჩეთია აშენებულია, ხალვაშები ჩავიდნენ სტამბოლში და ნებართვა აიღეს, რომ ჩვენს სოფელში მეჩეთი აეგოთ“, – ამბობს გეგელიძეების მეჩეთის იმამი, სულეიმან ბერიძე.
ჯამეებამდე კი მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ვიწრო გზას მივყავართ, სადაც ამ დრომდეა შემორჩენილი რამდენიმე ათეული ხის მეჩეთი.
მეჩეთში შესვლისას ლამაზი და განსხვავებული მოხატულობა თუ ორნამენტები იპყრობს ყურადღებას. აქ ამოჭრილია ვაზის, ფოთლის, ყვავილისა თუ გეომეტრიული ფიგურების კომბინაციები.
„ცხოველთა გამოსახულებებიცაა, ბერების გამოსახულებებიც… 37 წელში შეწყვეტილი იყო, მომლოცველების რეპრესირება მოხდა და მას შემდეგ თითქმის 2000 წლამდე არ ფუნქციონირებდა სალოცავი. კომუნისტების დროს მაღაზია იყო, მერე საწყობად იყო გადაქცეული“, – იხსენებს სოფელ აქუცას მკვიდრი, ნიაზ ზაქარაძე.
„პარასკევ დღეს მხოლოდ მამაკაცები ვლოცულობთ, მარხვის დროს ქალები შემოდიან და მეორე სართულზე ლოცულობენ. მახსოვს, პირველად რომ შემოვედი, 28 კაცი ვლოცულობდით პარასკევობით და ახლა 10-12-ზე ჩამოვედით. საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ, მიგრაციამ ცოტა დაცალა სოფლები“, – ამბობს გეგელიძეების მეჩეთის იმამი, სულეიმან ბერიძე.
ხის მეჩეთების უმეტესობა მაღალმთიან აჭარაში თითქმის ორ საუკუნეს ითვლის. მათი ნაწილი დღემდე თემის რელიგიურ ცენტრია, ნაწილი კი გაუქმებულია და მიტოვებული.
წარსულიდან შემორჩენილი ხის კარ-ფანჯრები ხშირად დაზიანებულია, სალოცავის იატაკი ჩანგრეულია, კედლები კი – გაბზარული.
„ძალიან ბევრი ხის მეჩეთია, მაგრამ ზოგი დაინგრა, აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის სტატუსი აქვს ამ მეჩეთებს, ზოგი განადგურდა, სამწუხაროდ. ამ ეტაპისთვის ზოგ ხის მეჩეთს რეაბილიტაცია უტარდებათ“, – ამბობს „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი, ჰურიე აბაშიძე.
აჭარაში 200-მდე მეჩეთია შემორჩენილი როგორც ხის, ისე ქვის. ძეგლის სტატუსი დაახლოებით 28 მათგანს აქვს, აქედან ოთხი უკვე დანგრეულია.
„აჭარაში დაახლოებით 200-მდე ხის მეჩეთს ვითვლით, თუმცა ზუსტი სია არ არის. ზოგი ხის მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია, მას სჭირდება რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, რათა ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შევინარჩუნოთ და გადარჩეს“, – ამბობს „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აბულაძე.
„არის მეჩეთი, რომელიც მუზეუმად გამოიყენება, ხის მეჩეთის მთავარი ატრიბუტი შენარჩუნებულია, თუმცა მუზეუმია, არის ხის მეჩეთები, რომლებიც უფუნქციოა ამ ეტაპისთვის“, – ამბობს „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი, ჰურიე აბაშიძე.
ხის მეჩეთები აჭარაში კრიტიკულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით კი ისინი, სადაც მომლოცველები აღარ დადიან.
არადა, აქ ასე ფიქრობენ – რომ რწმენა ადამიანის ხვედრია და როცა სწამთ, უნდა მოქმედებდეს კიდეც სალოცავი.
ანა ალელიშვილი