საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი ENEMO დააკვირდება. 95 აკრედიტებული დამკვირვებლისგან შემდგარი მისია საარჩევნო დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს მონიტორინგს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველოში არჩევნების დასრულებამდე დარჩება და არა მხოლოდ 26 ოქტომბერს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც შეაფასებენ.
ENEMO ორ ანგარიშს არჩევნების შემდგომ გამოაქვეყნებს. მოხსენებებში შეფასდება წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგი, ასევე ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი.
ENEMO-ს წარმომადგენლები სადამკვირვებლო მისიის მუშაობასთან დაკავშირებით ასევე შეხვდნენ ცესკოს ხელმძღვანელობას. მისიის ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა EURONEWS GEORGIA-სთან მისიის მუშაობის დეტალებზე ისაუბრა.
„ჩვენი ორგანიზაცია ENEMO 7 ძირითადი წევრი ექსპერტისგან შედგება, 8 კი არის გრძელვადიანი აკრედიტებული დამკვირვებელი. მოკლევადიან დაკვირვებას დამატებით 80 დამკვირვებლისგან შემდგარი პერსონალი უზრუნველყოფს. ისინი არჩევებამდე 5 დღით ადრე შემოგვიერთებიან და არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო გარემოსაც დააკვირდებიან.
ჩვენ ორი კვირის წინ ჩამოვედით საქართველოში და უკვე დავიწყეთ პროცესებზე დაკვირვება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავრჩებით საქართველოში და აქტიურად დავაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს. არჩევნებამდე ზოგად განცხადებებს მონიტორინგის შესახებ არ გავაკეთებთ, რადგან თქვენს რეალობაში პოლიტიკური სენსიტიურობითა და პოლარიზაციის მაღალი დონით მიმდინარეობს პროცესები. ამიტომ, ჩვენ ხელს არ შევუწყობთ პოლიტიკურ აქტორებს რაიმე მიმართულებით.
ჩვენ სრულად დავაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების დღეს ხმის მიცემისა და საარჩევნო დღის შემდეგ, ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების პროცედურებს.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ოფიციალურად ორ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ: პირველი იქნება არჩევნებიდან მეორე დღეს და ჩვენ წინასწარ შეფასებას ვაცნობებთ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას; ხოლო, საბოლოო, შემაჯამებელ ანგარიშს არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში გამოვაქვეყნებთ.
ENEMO-ს არჩევნებზე დაკვირვების სპეციფიკური მეთოდოლოგია აქვს შემუშავებული და ამ ანგარიშებში ასახული იქნება ჩვენი მიგნებები, რა იყო უპირატესი, ან რა იყო ხარვეზით პროცესის განმავლობაში. შემდგომ, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებსაც, თუ რა უნდა გამოსწორდეს უკეთესი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად შემდგომი არჩევნებისთვის.
რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენი წარმომადგენლობა შეხვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას. განვიხილეთ გარკვეული დეტალები, რაც თანამშრომლობისთვის არის აუცილებელი.
მისიის საქმიანობის განმავლობაში კიდევ გვექნება დამატებითი შეხვედრები და კონსულტაციები. ასე რომ, მოხარული ვართ როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამკვირვებლის სახით შევაფასოთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა ვუიოვიჩმა.