ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო ძალადობისა და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებზე“ საუბრობს.
30 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განიხილა 9 ინციდენტი, რომელიც საიამ 2024 წლის აპრილიდან დღემდე შეისწავლა.
“საიამ მონიტორინგის ფარგლებში შეაფასა 9 ინციდენტი იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, 2 სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას, 3 კამპანიაში აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას.
იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ, 2 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ხოლო 1 – პლატფორმა „აირჩიე ევროპა“ წარმომადგენლების წინააღმდეგ”,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაციამ ამ ინციდენტების შესახებ მიმართა სამართალდამცველ უწყებებს, თუმცა მათგან ვერ მიიღო სრული ინფორმაცია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დროულად და ეფექტიანად მოხდეს პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება, რადგან მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს.