„საბჭოთა წარსულის აჩრდილი“- ასე ჰქვია თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გამართულ შეხვედრას, სადაც ამავე თემატიკის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს გააცნეს მწერლის ლაშა ბუღაძის წიგნი „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ და ამერიკელი ისტორიკოსის კლერ კაიზერის ნამუშევარი „ქართველი და საბჭოთა“. პრეზენტაციისას ავტორებმა ისაუბრეს იოსებ სტალინის როლზე საქართველოს ისტორიაში და ასევე იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა ქართველ ხალხზე.
ლაშა ბუღაძის თქმით, ამ თემებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იოსებ სტალინი დღესაც აგრძელებს არსებობას თანამედროვე რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის სახით.
წლევანდელი ლიტერატურული ფესტივალის თემაა „პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა.“
უკვე მეოთხე დღეა, ფესტივალზე სწორედ ამ თემაზე იმართება პანელური დისკუსიები. დღეს კი ფესტივალის დასკვნითი საღამო მოძრაობის თეატრში ჩატარდება.
„წიგნში აღვწერ იმას თუ რა გავლენა ჰქონდა საბჭოთა რეჟიმს საქართველოზე. უფრო კონკრეტულად კი რა მნიშვნელობა იქონია საბჭოთა კავშირმა ქართველი ერის ჩამოყალიბებაში. ნაშრომი მხოლოდ ადრეულ საბჭოთა პერიოდს არ მოიცავს, რადგან ეს პერიოდი ისტორიაში ისედაც კარგად არის გამოკვლეული. უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებ იმაზე თუ რა მნიშვნელობას ატარებდა დესტალინიზაცია საბჭოთა მოქალაქეების შემდგომი თაობებისთვის”,- განაცხადა ამერიკელმა ისტორიკოსმა კლერ კაიზერმა.