ლიბანის სამხედრო დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან ისრაელის ასობით ტანკი გამოჩნდა.
ამასთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ საზღვარზე მობილიზებულია ორი სარეზერვო ბრიგადაც.
30 სექტემბერს ჩრდილოეთის საზღვარზე განლაგებულ ჯარებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი შეხვდა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისია ჩრდილოეთის მცხოვრებლების სახლებში დაბრუნებაა და ამისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ.
יחד עם לוחמי חטיבה 188 בגבול הצפון – הכוחות מוכנים וערוכים להכות את חיזבאללה בעוצמה.
המטרה שלנו ברורה – החזרת תושבי הצפון לבתיהם, נשתמש בכל האמצעים העומדים לרשותנו עבור השגת מטרה זו. pic.twitter.com/JzAzSsiZf3
— יואב גלנט – Yoav Gallant (@yoavgallant) September 30, 2024
„ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც ჩვენს ხელშია. თუ მეორე მხარეს ვინმეს არ ესმის, რას ვგულისხმობ… ყველა შესაძლებლობა ნიშნავს ყველა შესაძლებლობას. თქვენ ამ ძალისხმევის ნაწილი ხართ. ჩვენი მიზანია ჩრდილოეთის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში დავაბრუნოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის ჩვენი მისია. ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების მისია. ამისთვის ყველაფერს ვიზამთ, რაც საჭიროა, გამოვიყენებთ ყველა ძალას, ჰაერშიც, ზღვასა და ხმელეთზეც“, – განაცხადა იოავ გალანტმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ათასობით სამხედრო სამიზნეზე ინტენსიური საჰაერო თავდასხმების შედეგად ბოლო ათი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა და მისი ექვსი უმაღლესი მეთაური მოკლეს.
მიუხედავად სამხედრო დაჯგუფებისადმი მიყენებული მძიმე ზარალისა მოკლული ჰასან ნასრალას მოვალეობების შემსრულებელმა ნაიმ ქასემმა მის პირველ საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელთან სახმელეთო შეტაკებისთვის მზადაა.
„ვიცით, რომ ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს. მზად ვართ ყველაფრისთვის, მზად ვიქნებით, თუ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გადაწყვეტს, ჩვენი ძალები მზად არიან სახმელეთო შეტაკებისთვის.
მიუხედავად ბევრი მეთაურის, მათ შორის მისი აღმატებულობის დაკარგვისა… მიუხედავად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმისა და დიდი მსხვერპლისა, ჩვენ, ლიბანელ ხალხსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებთ ღირსეული და გულწრფელი პოზიციების დათმობას. ისლამური წინააღმდეგობა გააგრძელებს ისრაელელ მტერთან დაპირისპირებას, გავაგრძელებთ ღაზასა და პალესტინის მხარდაჭერას, ლიბანისა და მისი ხალხის დაცვას. პასუხს გავცემთ მშვიდობიანი ხალხის მკვლელობებს“, – განაცხადა ნაიმ ქასემმა, „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილემ.
ბოლო კვირებში ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმა დაგმეს ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის საგარეო მინისტრებმა. მათი თქმით, დაპირისპირება მთელ რეგიონს საყოველთაო ომში ჩართვისკენ უბიძგებს. „ჰეზბოლასადმი“ მხარდაჭერა გამოხატა ირანის უზენაესმა ლიდერმაც, აიათოლა ალი ხამენეიმ.
ხოლო ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამწვავებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ისრაელი ირანს ომში ჩათრევის მიზნით „მახეს” უგებს.
CNN-ის ინფორმაციით, ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას გეგმავს. თუმცა, უცნობია, ზუსტად რა ტიპის თავდასხმაზეა საუბარი და თუ რა საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს აშშ.
ირანელ ხალხს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 30 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოში მიმართა.
„ბევრს ვსაუბრობ ირანის ლიდერებზე, მაგრამ ამ გადამწყვეტ მომენტში მსურს თქვენ, ირანელ ხალხს, მოგმართოთ. მსურს, ეს გავაკეთო პირდაპირ, შუამავლების გარეშე. ყოველდღე, თქვენ უყურებთ რეჟიმს, რომელიც გჩაგრავთ. აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს ლიბანისა და ღაზის მხარდასაჭერად, მაგრამ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმად გძირავთ სიბნელესა და ომში. მათი მარიონეტები ყოველდღე ნადგურდებიან. ჰკითხეთ დეიფს, ჰკითხეთ ნასრალას. არ არსებობს ადგილი ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ისრაელი ვერ მიწვდება. ყველგან მივალთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ირანელების უმრავლესობამ იცის, თუ როგორია ეს რეჟიმი და რომ მას ხალხის ბედი არ ანაღვლებს. ეს რეჟიმი რომ ზრუნავდეს თქვენზე, იგი შეწყვეტდა უშედეგო ომებზე მილიარდობით დოლარის ფლანგვასა და დაიწყებდა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამ ეტაპზე ისრაელის თავდასხმა დიდწილად ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზეა კონცენტრირებული, თუმცა 30 სექტემბრის საჰაერო თავდასხმას ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი შენობის ნგრევა მოჰყვა, რაც პირველი შემთხვევაა თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში.
ისრაელის ამ გზავნილს, რომ ლიბანის არც ერთი ნაწილი დაცული არაა, სამი პალესტინელი სამხედრო შეეწირა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელის თავდასხმას 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულია. პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ზარალზე საუბრობს.