ზუსტად 4 წლის წინ მთიან ყარაბაღში მეორე, 44-დღიანი ომი დაიწყო.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოუგვარებელი კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის შემდეგ ყარაბაღის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა დანებდა. მომდევნო დღეებში რეგიონის სომეხმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა.
აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიაზე კონტროლი, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან ე.წ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ“ არსებობა შეწყვიტა.
მეორე ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს. გავრცელებული ცნობებით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ შეთანხმების გასაფორმებლად ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობასაც განიხილავს.
„წარსულში ჩემი საკვანძო გზავნილები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხის ჩიხში შესვლას შეეხებოდა. თუმცა დღეს მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება არათუ შესაძლებელი, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა.
როგორც ხედავთ, მშვიდობა ახლოსაა და ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ხელი გავიწვდინოთ მისკენ. არც სომხეთისა და არც აზერბაიჯანისთვის ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, რადგან ორივეს ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვაქვს და ამ სიმართლეზე უთანხმოებამ შუღლამდე, მსხვერპლამდე და ომებამდე მიგვიყვანა. ტკივილი ძალიან ღრმა და დიდია, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ მშვიდობაზე, რომელიც არის ერთადერთი გასაგები ჭეშმარიტება სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ეს ჭეშმარიტება თვალებს აგვიხელს და მტრობის წყაროს გააქრობს, რაც დაგვეხმარება გავიხედოთ მომავლისკენ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
My speech at the General Debate of the 79th Session of the General Assembly of the United Nationshttps://t.co/ooccn3AsYo
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) September 27, 2024
ის შეთანხმება, რომელზეც სომხეთის პრემიერი გაეროს ტრიბუნიდან საუბრობს, რუსული მედიაციით უნდა შემდგარიყო. სწორედ რუსეთს ჰქონდა აღებული ვალდებულება ყოფილიყო ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გარანტი და მედიატორი.
თუმცა, ყარაბაღის მეორე ომმა რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში მის მოკავშირეს შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბა.
სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვის ინტერესებში არ შედის. ერევანში კი სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ რუსეთი ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავდა.
„რუსეთის ქცევიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მის ინტერესებში არ შედის. რუსეთი დაკარგავს იმ ბერკეტს, რომელიც სომხეთზე აქვს დარჩენილი. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ამ პროცესის შეფერხებას, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულება განმუხტავს, ზოგადად, რეგიონში ვითარებასა და იმ დინამიკას, რომელსაც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში იყენებდა“, – ამბობს ზაზა შენგელია, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მკვლევარი.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ ნებისმიერი კანონი, რომელიც შეიძლება განიმარტოს როგორც ტერიტორიული პრეტენზიების შემცველი, ავტომატურად დაკარგავს იურიდიულ ძალას.
კომპრომისს არ იზიარებს სომხეთის მოსახლეობის ნაციონალისტურად განწყობილი ნაწილი.
გაფორმდება თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულება, ჯერ კიდევ უცნობია.
თუმცა დასავლეთთან დაახლოების ფონზე ერევანი უპრეცედენტო კომპრომისებზე წასვლის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ექსპერტები ამბობენ, სომხეთის მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების გარეშე ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მნიშვნელოვნად შეიძლება დაზიანდეს.