თურქეთის დალიანის რეგიონი ცნობილია თვალწარმტაცი ბუნებით, ისტორიული სანახებითა და ეკოლოგიური ლანდშაფტებით. აქვეა ე.წ. „მშვიდი ქალაქის“ კონცეფციის მქონე ქალაქი კოიჯეგიზიც, რომელიც ცდილობს, არ დაექვემდებაროს გლობალიზაციის გავლენას და ცხოვრების საკუთარი რიტმი ჰქონდეს.
კოიჯეგიზი თვალწარმტაცი პატარა თურქული ქალაქია, რომელშიც უხვად ხარობს ამბრის ხეები და რომელიც ხუთი წლის წინ ე.წ. „მშვიდი ქალაქის“ (Cittaslow) პროგრამას შეუერთდა. ეს არის ისეთი ქალაქებისა და სოფლების ქსელი, რომლებშიც ცხოვრების აუჩქარებელ ტემპს მისდევენ და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს გლობალიზაციის მავნე გავლენისაგან იცავენ. ამ ქალაქში ვერ ნახავთ შუქნიშნებს, აკრძალულია ქვანახშირის საწვავად გამოყენება, ხოლო მის მახლობლად მდებარე სოფელ ჩანდირში აწარმოებენ ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს.
„ევრონიუსის“ რეპორტიორმა ჩინზია რიციმ მოინახულა ეს რეგიონი, რათა ბუნებით დამტკბარიყო. მან ველოსიპედი დაიქირავა და ველოტური მოაწყო. ცისფერი და მწვანე ფერები ჭარბობს ამ ბუნებრივად დაცულ რეგიონში, რომელშიც უამრავი ეკობილიკია გაყვანილი ეკოტურიზმის განვითარების მიზნით.
470 კილომეტრის სიგრძის სალაშქრო ბილიკები და ამდენივე ველომარშრუტი საშუალებას გაძლევს, რომ სრულად დატკბე ამ ხელუხლები ბუნების მშვენიერებით.
„ამ რეგიონში არსებითი საკითხია ველობილიკების განვითარება მდგრადი ტურიზმის წახალისების ფორმატში,“ – ამბობს ფერიდუნ ეკმეკჩი, National EuroVelo-ის კოორდინატორი თურქეთში.
„კლიმატის კრიზისის ფონზე უნდა განვავითაროთ ველოსიპედისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე შესაბამისი სერვისები და გავზარდოთ მოთხოვნა ველოსიპედისტებზე, რათა ადგილობრივ ეკონომიკას შევუწყოთ ხელი და თან ბუნება დავიცვათ“.
ამ ადგილების დათვალიერების კიდევ ერთი გზა ნავით გასეირნებაა. მდინარე დალიანი ბუნებრივი არხია, რომელიც ტბას ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ამ არხზე ნავით ცურვისას სრულიად ახალი პერსპექტივა გეშლება თვალწინ.
ძველი გადმოცემების მიხედვით, რაც უფრო მაღლაა აკლდამა განთავსებული, მით უფრო ახლოს დგას ღმერთთან. ამიტომ მეფეებსა და მთავრებს ყოველთვის მთის ფერდობზე მარხავდნენ.
ეს უნიკალური კლდეში ნაკვეთი აკლდამები ანტიკურ ქალაქ კავნოსს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9 საუკუნით თარიღდება და რომელშიც რომაელები, სპარსელები და როდოსელები ცხოვრობდნენ.
ეს ქალაქი ერთ დროს მნიშვნელოვანი პორტი გახლდათ და აქ უამრავი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლიათ. მათ შორის არის აკროპოლისი, ბერძნულ-რომაული თეატრი, აგორა და კიდევ ერთი რამ, რაც ქალაქის მშენებლობისთვის საკვანძო ფუნქციას ასრულებდა.
„ქარის საზომი სადგური ამ ქალაქის განაშენიანებისთვის მთავარი ადგილი გახლდათ, რადგან ქალაქის დაგეგმარება, მისი გზებისა და ნაგებობების მშენებლობა ეფუძნებოდა ქარის მონაცემებსა და მიმართულებას“, – განმარტავს იუჯელ ოკუტური, DOKTOB-ის თავმჯდომარე.
ამ ქალაქის ნანგრევებს მშფოთვარე წარსული აქვთ. მათ გაუძლეს მუსლიმი არაბებისა და მეკობრეების თავდასხმებს, თუმცა მალარიის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ქალაქი მიატოვეს. მისი აღმოჩენის დღიდან კავნოსი ტურისტებისთვის აუცილებელ სანახავ ადგილად იქცა. ამ წერტილიდან მდინარის შემოგარენისა და იზტუზუს სანაპიროს საოცარი ხედი იშლება.
ეს 4.5 კილომეტრის სიგრძე სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლაჟია ეგეოსის ზღვაზე. ეს სანაპირო ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია, სადაც ზღვის თავკომბალა კუს – იმავე კარეტას – უყვარს კვერცხის დადება.
ზაფხულში ეს კუები, რომლებიც გადაშენების პირას მისულ სახეობათა სიაში ირიცხებიან, გამრავლების მიზნით სწორედ იმ პლაჟზე ბრუნდებიან, სადაც დაიბადნენ; ამისთვის კი ათასობით კილომეტრს გადიან. თურქეთი ბუდობისთვის შემორჩენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბიტატია მსოფლიოში. სწორედ ამ კუს დაცვის მიზნით შეიქმნა აქ ნაკრძალი.
„ათასი ახლადგამოჩეკილი კუსანადან მხოლოდ ერთი აღწევს ზრდასრულობას,“ – ამბობს ატაკან სერინი, კუს სამკურნალო ცენტრის DEKAMER-ის კოორდინატორი. „დანარჩენები, სამწუხაროდ, იხოცებიან. მათ ანადგურებენ ამ სანაპიროზე მცხოვრები მელიები და მაჩვები, ზღვაში კი ისეთი მტაცებლები, როგორებიც არიან კიბორჩხალა, თევზები და ზვიგენი. ზრდასრული კუები სათევზაო ბადეებში ებმებიან, ყლაპავენ თევზის ანკესს ან წყლის დაბინძურების გამო იღუპებიან“.
კუს გამრავლების პერიოდში პლაჟზე მოდიან ფამუქ–ქალეს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და მოხალისეები, რათა იმ ახლადგამოჩეკილ კუსანებზე იზრუნონ, რომლებიც ზღვაში შესვლას ვერ ახერხებენ ან დაზიანებას იღებენ. ასეთია, მაგალითად კუ ლადინი, რომელმაც, სამწუხაროდ, პლასტმასის პარკი შეჭამა. ის ახლა სამკურნალო ცენტრში იმყოფება.
ლადინს და ზღვის სხვა დაზიანებულ კუებს შეუძლიათ ამ ცენტრისა და აქ დასაქმებული ადამიანების იმედი ჰქონდეთ, რომ მათ განკურნავენ და გაათავისუფლებენ.
ავტორი: ჩინზია რიცი