მთავარისაქართველომსოფლიო ტურიზმი საქართველოში

მსოფლიო ტურიზმი საქართველოში

მსოფლიო ტურიზმის დღე წელს საქართველოში აღნიშნეს. შეკრების მთავარი თემა კი “მშვიდობა და ტურიზმი” იყო. დისკუსიაზე ამ სფეროს მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. ტურისტულ ფორუმზე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ: ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.

„ჩვენი ქვეყანა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან, ხოლო 2021 წელს საქართველო, 4 წლის ვადით, პირველად გახდა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა; ჩვენთვის ეს საუკეთესო საშუალებაა, მონაწილეობა მივიღოთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში. ტურიზმის სექტორი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1980 წლიდან ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრონ.

„ეს ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილებისთვის. ტურიზმის სფეროში დასაქმებულთაგან 45% ქალია, 80% კი ახალგაზრდები წარმოადგენენ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა შევიკრიბოთ და განვიხილოთ ის გამოწვევები, რომლებიც ტურიზმის სფეროშია. მაგალითად, გამოწვევაა სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა, ასევე სამუშაო ძალა და ქვეყნებს შორის გამარტივებული მოგზაურობა”, – განაცხადა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ ხათიბმა.

საერთაშორისო ფორუმზე საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

„ტურისტების ძალიან დიდი რაოდენობა იყო ზაფხულში, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს გამოწვევები. ეს ეხება ინფრასტრუქტურას, სერვისის განვითარებას, მაგრამ ეს არის თანმდევი პროცესი, კერძო სექტორი სახელმწიფოსთან ერთად ზრუნავს იმაზე, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ და მომავალ სეზონს შევხვდეთ უფრო წელგამართულები და აქტიურად მივიღოთ ჩვენი საერთაშორისო სტუმრები“, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.

„ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი. უნდა შემუშავდეს ე.წ. გენერალური გეგმა და გეგმის მიხედვით გაიწეროს განვითარების ეტაპები. ეს იქნება 3, 5 თუ 10-წლიანი, უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა დიდი რაოდენობის ტურისტის მიღება შეგვეძლება”, – განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend