მთავარისაქართველოცესკომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა დაიწყო

ცესკომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა დაიწყო

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება გრძელდება. კენჭისყრის დღემდე 1 თვით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე მუშაობს. ეს პროცედურები გუშინ, 26 სექტემბერს, დაიწყო. საქართველოს მოქმედი საარჩევნო კოდექსი არეგულირებს კენჭისყრის უბნების გახსნის წესს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ მუნიციპალიტეტებში, ისე უცხო სახელმწიფოებში.

მაღალია როგორც მოქალაქეთა, ისე პოლიტიკური პარტიების ინტერესი საკითხზე, თუ რამდენია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საზღვარგარეთ და რამდენი საარჩევნო უბანი იხსნება. მას შემდეგ, რაც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მათთვის 65 000-ზე მეტი ამომრჩევლის მონაცემის გადაცემაზე განაცხადა, საკითხმა მალევე არაერთი კითხვა გააჩინა გარკვეული პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მათი შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ათასობით ადამიანს ართმევს ხმის მიცემის უფლებას, რაც კანონდარღვევაა და ამომრჩევლის ნების შეზღუდვა. სწორედ ამ თემაზე 26 სექტემბერს ცესკოში ჩანიშნულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ცესკოში ოპოზიციური მანდატით მყოფ წევრებს შორის. ისინი მიიჩნევენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებული სტატისტიკა რეალობას აცდენილია, რადგან, მათი შეფასებით, მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 163 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.

ოპოზიციის ბრალდებები უარყვეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „თავისუფალი, თანაბარუფლებიანი და სამართლიანი გარემოს შექმნა“ მათი მთავარი პრიორიტეტია, როგორც კენჭისყრის დღეს და ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. პოლიტიკური ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ ოპოზიციას მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „საკონსულო მომსახურების ვებგვერდი 2015 წელს ამოქმედდა და მისი სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე“,

„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ.

სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საკონსულო მომსახურების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს:

აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებსა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია, გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკოს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, ან სადაც პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე არ ტარდება არჩევნები.

სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცედურებისა და წესების შესახებ მოსახლეობის ობიექტური ინფორმირების ნაცვლად ცალკეული პირები განაგრძობენ ამ თემით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი თანამემამულეები, რის შესახებაც საგარეო უწყება დამატებით განცხადებას გააკეთებს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამომრჩეველთა სტატისტიკურ სხვაობასა და საარჩევნო უბნების გახსნის საკითხში პრობლემას ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „სამართლიან არჩევნებში“ პროცესებს კანონდარღვევად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ „როგორც საგარეო უწყებამ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნდობა და არ მიიღეს ყველა ზომა საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გასახსნელად, მათ შორის იქ, სადაც საქართველოს ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, თუმცა ბევრი მოქალაქე ცხოვრობს“.

ორგანიზაციის განმარტებით, დამატებითი კითხვის ნიშნები გაჩნდა პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც.

„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს, მაგრამ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი პირების შესახებ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვამ და გამჭვირვალობის ნაკლებობამ გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცესკოს არ უკრძალავს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მდგომ ამომრჩეველთა შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით. არც საგარეო საქმეთა სამინისტროა შეზღუდული, იმავე პრინციპით მიაწოდოს ცესკოს სია. მსგავსი ინფორმაცია შესაძლებელს გახდიდა, დამატებით კონკრეტული ქალაქების მიხედვით გახსნილიყო საარჩევნო უბნები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შესაბამისი ნება, რითაც დაზიანდა ამომრჩეველთა საუკეთესო ინტერესები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 65 508 მოქალაქე იმყოფება“, – აცხადებენ ISFED-ში.

საზღვარგარეთ მაქსიმალურად ბევრი საარჩევნო უბნის გახსნასა და ემიგრაციაში მყოფ ამომრჩეველთათვის მეტი კომფორტის შექმნის აუცილებლობაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ცესკოს მიდგომა დისკრიმინაციულია და კვლავ აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.

„ცესკოს 26 სექტემბრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მოახდენენ უპრეცედენტო მობილიზებას, გამოავლენენ სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბნებზე და აირჩევენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

საზღვარგარეთ არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩასატარებლად ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებამდე მათი აქტიურობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა და არჩევნებზე დაკვირვება.

დღეიდან, 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ“, – წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რაც შეეხება კანონმდებლობით დადგენილ წესებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო უბნები იხსნება ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების რიცხვი არ უნდა იყოს 50-ზე ნაკლები და 3 000-ზე მეტი. სხვა რეგულაციებს საქართველოს არსებული კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. ხმის მიცემის სურვილი საქართველოს მოქალაქეობის მქონე ამომრჩეველმა 7 ოქტომბრამდე უნდა გამოხატოს. ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობა განურჩევლად იმისა, საზღვარგარეთ ის ლეგალურად იმყოფება თუ უკანონოდ.

ამასთანავე, ცესკოს განმარტებით, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი იხსნება, მათ შორის იმ 5 სახელმწიფოში, სადაც აქამდე საქართველოს მოქალაქეობის მქონე ამომრჩევლისთვის ხმის მიცემა შეუძლებელი იყო. ეს ქვეყნებია: ფინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს 18:00 საათზე ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. პარტიები წარმოდგენილია სწორედ იმ რიგითობით, როგორც გამოქვეყნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე:

  1. „საქართველო“
  2. „გახარია საქართველოსთვის“
  3. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  5. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
  6. „მემარცხენე ალიანსი“
  7. თავისუფალი საქართველო
  8. ტრიბუნა
  9. „შეცვალე საქართველო“
  10. „ჩვენ“
  11. ქართველ ერთობა
  12. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  13. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  14. „გირჩი“
  15. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  16. ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!
  17. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
  18. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
  19. „ევროპელი დემოკრატები”

ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი, საიდანაც სამ პარტიას მათივე განცხადების მოთხოვნით ეთქვათ უარი რეგისტრაციაზე. ესენია: „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“. პირველი ორი შედის კოალიციაში „ძლიერი საქართველო“.

საქართველოს ისტორიაში პირველად პროპორციული წესითა და ელექტრონული სისტემით საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ამომრჩეველმა სასურველი პოლიტიკური სუბიექტი შემოხაზვის ნაცვლად უნდა გააფერადოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend