მთავარისაქართველოPACE: „საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია"

PACE: „საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის ხელმძღვანელის იულიან ბულაის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ ლეგიტიმურად იქნება აღიარებული, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში საკუთარი ადგილის დაცვაში საკვანძო როლს შეასრულებს. მრავალპარტიული დელეგაციების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცესკოს თავმჯდომარეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე-ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასა და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვინაიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზრის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება.

ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება. ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.

დელეგაციის ხელმძღვანელი გმობს საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებასაც: „ამან შესაძლოა საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა“.

იგი გამოეხმაურა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის პოლიტიზების პრობლემასაც.

„ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება. ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი 32 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს კენჭისყრის დასაკვირვებლად ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend