პროტესტის 197-ე დღე, შიმშილობის 25-ე და კვლავ არაფერი შეცვლილა შუქრუთის მცხოვრებთათვის, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.
რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.
შუქრუთელები ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მიადგა მათ საცხოვრებელ სახლებსა და სოფელს…ასევე ითხოვენ სახელმწიფოს ჩართულობას ამ საქმეში.
„დღეს შიმშილობის 25-ე დღეა და ამათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დღეში სამჯერ მაინც მოდის სასწრაფო ერთ მოშიმშილესთან. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და გამოსავალს ვერ ვხედავთ. არც პარლამენტიდან მოდის ვინმე და გვაქცევს ყურადღებას და არც ვისაც ეკუთვნის ეს საქმე, ის ხალხი გვაქცევს ყურადღებას. ამ კომპანიას ჰყავს თავისი კერძო აუდიტი, რომელიც განათლებით აუდიტი არ არის. როგორც შეაფასებს, ამას ემყარება ყველაფერი. ლარი და 80 თეთრია 1 კვადრატი მიწის ღირებულება, ისეთი მიწის, რომელი მიწაც საუკეთესო მადნით არის სავსე. გარდა იმისა, რომ მოსავლიანია და კარგია, არის ბუნება ზემოდან და ხეები და ყველაფერი. აი, მიწის ქვეშ კიდევ მადანი და ითხოვს ლარს და 80 თეთრს“, – ამბობს სოფელ შუქრუთის მცხოვრები, თამარ კუპატაძე.
დღეს შუქრუთელებთან სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა.
„მე ადამიანებს ვერ მოვატყუებ, მითუმეტეს მოშიმშილეებს და ვერ ვეტყვი, რომ მე გადავუჭრი იმ პრობლემას, რომელიც ამდენი წელია, ვერ გადაიჭრა და საქმე ეხება იმ კომპენსაციებს, რომლებზე დავაც არის სასამართლოში. ისინი არ ეთანხმებიან კომპენსაციის რაოდენობას. გასაგებია, შეიძლება სამართლიანადაც არ ეთანხმებიან, მაგრამ სახალხო დამცველი ამაში ვერ ჩაერევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, რომ ამაში ჩავერიოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომ შევისწავლოთ და თუ იქნება სახალხო დამცველის რეკომენდაცია ან წინადადება გასაკეთებელი, ამაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, სახალხო დამცველმა.
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ გაცემული აქვთ 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, ამტკიცებენ, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული. ამის პასუხად შუქრუთელები განმარტავენ, რომ მოსახლეობის ნაწილს კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია,ზოგმა კი მხოლოდ 5000 ლარი მიიღო.
კომპანიის პოზიცია გაიმეორა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ შუქრუთელებთან მოლაპარაკება კომპანიის საქმეა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ.
„ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც კერძო კომპანიასა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკების საგანი იმიტომ, რომ მოპოვებითი საქმიანობა, რა თქმა უნდა, რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. კომპანია, რომელიც მოიპოვებს იქ მანგანუმს, არის აღჭურვილი სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიით და უფრო მეტიც, ეს კომპანია არის სახელმწიფო მართვაში, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ „ჯორჯიან მანგანეზზე”, უნდა ვიცოდეთ, რომ 2017 წლიდან მასში შესულია სპეციალური მმართველი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. გარემოსდაცვითი სამინისტროს მოთხოვნით დაინიშნა ის სასამართლოს მიერ. სახელმწიფო არის პირდაპირი პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ახლა შუქრუთში და რაც ხდება შუქრუთში ეს არის ამ ადამიანების უფლებების ძალიან უხეში დარღვევა“, – ამბობს სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პროგრამის დირექტორი.
სახელმწიფო ჯერჯერობით არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას. ამასობაში კი პროტესტი გრძელდება. საქართველოს პირამოკერილი მოქალაქეები ამბობენ, რომ საქმის დადებითაც გადაწყვეტის იმედი აღარ აქვთ
„არაფრის იმედი არ მაქვს საერთოდ. პარასკევს მივდივარ იუსტიციის სახლში, მოქალაქეობაზე უნდა ვთქვა უარი და საერთოდ წავიდე ამ ქვეყნიდან. ჯანმრთელობის მხრივ ჯერჯერობით ვლაპარაკობ, მეტი რა გითხრათ, არ ვიცი”, – ამბობს პროტესტის მონაწილე.