თბილისში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“ მიმდინარეობს. 23 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი გამართა მილანის „ლა სკალას“ სახელგანთქმულმა კამერულმა ორკესტრმა, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. მათ ბრიტანელი კომპოზიტორის ბენჯამინ ბრიტენისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოებები შეასრულეს.
„გვყავს ამ დონის მუსიკოსები – „ლა სკალას“ კამერული ორკესტრი და წარმოშობით რუმინელი მევიოლინე იოანა ქრისტინა გოიჩეა, რომელიც რამდენიმე კონცერტის ლაურეატია. მას მე ექვსი თვის წინ შევხვდი. ნიურნბერგში ერთად გქონდა კონცერტი, სადაც ის სოლისტი იყო. ისე დაუკრა სერგეი პროკოფიევის კონცერტი, რომ აღფრთოვანებული ვიყავი და გადავწყვიტე, რომ დამეპატიჟებინა. როგორც ხედავთ გაამართლა მოლოდინი. არაჩვეულებრივი წარმატება ჰქონდა”, – ამბობს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე.
„ლა სკალას“ კამერულ ორკესტრთან ერთად რუმინელმა მევიოლინემ მოცარტის სავიოლინო კონცერტი დაუკრა. გამოსვლის ბოლოს კი იონა ქრისტინა გოიჩეამ რუმინული ნაწარმოები შეასრულა.
„ფანტასტიკურია. ძალიან მომწონს. საქართველოში პირველად ვარ. ქართველი აუდიტორიისთვის პირველად დავუკარი. ამ დღეებით ძალიან ვისიამოვნე. თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ მოცარტის სავიოლინო კონცერტი შევასრულეთ. ორკესტრი შესანიშნავია. რამდენიმე თვის წინ მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად გერმანიაში დავუკარი. თბილისშიც სწორედ ამის შედეგად ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კოლაბორაცია კიდევ ერთხელ შევძელით”, – ამბობს მევიოლინე იოანა, ქრისტინა გოიჩეა.
ეს „შემოდგომის თბილისის” 32-ე სეზონია და წლევანდელი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის ცენტრის დაარსების 35 წლის იუბილეს ეძღვნება. ტრადიციულად ფესტივალის პარტნიორია საქართველოში იტალიის საელჩო. როგორც იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ამბობს, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებაში მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„უკვე მესამე შემთხვევაა, ჩვენ იტალიის საელჩო ლა სკალას კამერულ ორკესტრთან ვთანამშრომლობთ და ისინი აქ საქართველოში ფესტივალის შემოდგომის თბილისის ფარგლებში ჩამოდიან. ეს არის იმ ძვირფასი და პრესტიჟული კოლაბორაციის მაგალითი, რაც ჩვენ კახიძის ცენტრთან გვაკავშირებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მაესტრო ვახტანგ კახიძეც ხშირად ჩადის იტალიაში. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გახდეს მუსიკა დიალოგის და მეგობრობის ინსტრუმენტი იტალიელ და ქართველ ხალხებს შორის. მოხარული ვართ, რომ ამ ურთიერთობის გაძლიერებაში ჩვენც ვმონაწილეობთ”, – ამბობს საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე.
ფესტივალი 15 სექტემბერს გაიხსნა და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.