გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკვე დაიწყეს მსოფლიო ლიდერებმა სიტყვით გამოსვლა. ბუნებრივია, მთავარი ყურადღება ახლა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისკენაა, რომელიც ბოლოჯერ მიმართავს მსოფლიოს ამ უმაღლესი ტრიბუნიდან.
ჯო ბაიდენის გამოსვლაში დრო დაეთმო თითქმის ყველა გამოწვევას, რაც მსოფლიოშია დღეს, თუმცა მან ყველაზე დიდი ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე.
„როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ შეგვეძლო გვერდზე დავმდგარიყავით და მხოლოდ პროტესტი გამოგვეხატა. თუმცა ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე მივხვდით, რომ ეს იყო თავდასხმა იმ ყველაფერზე, რისთვისაც არსებობს გაერო.
ასე რომ, ჩემი მითითებით გადაწყდა, ამერიკას წვლილი შეეტანა. უზრუნველეყო მასიური ეკონომიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ გვერდით დადგნენ ნატოს მოკავშირეები და სხვა მეგობარი სახელმწიფოები. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ამ აგრესიას წინ უკრაინელი ხალხი აღუდგა წინ.
მინდა გთხოვოთ თქვენ, დადგეთ მათ გვერდით.
კარგი ამბავი ის არის, რომ პუტინის ომი წარუმატებელი აღმოჩნდა, წარუმატებელი აღმოჩნდა მისი მთავარი მიზნის მიღწევაში. მას სურდა უკრაინის განადგურება, თუმცა უკრაინა კვლავ თავისუფალია. მას სურდა ნატოს დასუსტება, თუმცა ახლა ნატო უფრო დიდი, უფრო ძლიერი და უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე, მის ორ ახალ პარტნიორთან ერთად, შვედეთსა და ფინეთთან.
ჩვენ ვერ დავნებდებით.
ახლა მსოფლიო კიდევ ერთი არჩევანის წინაშე დგას. გავაგრძელებთ თუ არა უკრაინისადმი მხარდაჭერას, რათა გაიმარჯვოს ომში და შეინარჩუნოს თავისუფლება, თუ ჩვენ უბრალოდ გვერდით გავდგებით და დავუშვებთ აგრესიის განახლებასა და სახელმწიფოს განადგურებას.
მე ვიცი ჩემი პასუხი. ჩვენ ვერ დავიღლებით. თვალს ვერ ავარიდებთ იმას, რაც ხდება. და ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ უკრაინა არ მიიღებს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაეროს წესდების შესაბამისად”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა, რომ ახლა არ არის დრო არც დანებების, არც დაღლისა და არც სასოწარკვეთის, რადგან ახლა ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ ერთობის ძალა უფრო დიდია ,ვიდრე იმ აგრესიისა, რომელიც თავისუფალ ქვეყნებსა და სამყაროს ანადგურებს.
ბოლოს კი, ჯო ბაიდენმა შეახსენა მსოფლიო ლიდერებს, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები, ვიდრე ძალაუფლებაა.
„ეს თქვენი ხალხია”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.