მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო გარემო და გახარია-ხაზარაძის ჩაშლილი მოლაპარაკებები შეაფასა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოლაპარაკებების შეფასებისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ პროცესში მთავარი დამნაშავე უნდობლობა და ეჭვია, ხოლო „ქართულ პოლიტიკაში ჯერჯერობით არ არსებობს კომპრომისების კულტურა“.

„მცდელობა იყო და მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით, 30 წლის მანძილზე დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა. მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან. მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს – უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს.

მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი – ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი – ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, დღეს ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტია. პრეზიდენტმა ამჟამინდელი სიტუაცია 1918-1920 წლების ვითარებას შეადარა.

„ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგა და შიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა. არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წინასაარჩევნო გარემოზე საუბრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზეც“ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ქარტიაზე ხელმოწერით, „შედარებით ნაკლები წონის პოლიტიკურმა პარტიებმა დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს“ და „მნიშვნელოვანი ვალდებულება აიღეს“.

„ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში მათ გამოიჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმით, რომ მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არ გადიან, არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რაც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღე, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, ჯერ კიდევ შეიძლება ოცნება იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ოცნების გათვლა და ყველა, ვისაც ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა, იმ პარტიებიდან, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ ბარიერს, მათ ეს ნაწილი დათმეს და უკვე ჩანს ეს დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან და გადაწყვიტეს, ქარტიის მონაწილენი მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend