მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიმარგრეტ ვესტაგერი: „გენდერულად დაბალანსებულ ევროკომისიას უპრეცედენტოდ კარგად შეეძლო ემუშავა“

მარგრეტ ვესტაგერი: „გენდერულად დაბალანსებულ ევროკომისიას უპრეცედენტოდ კარგად შეეძლო ემუშავა“

დანიელი მარგრეტ ვესტაგერი ევროკომისიის დღის წესრიგის ნამდვილი გამწევი ძალა იყო, განსაკუთრებით  როგორც ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში. თანამდებობიდან წასვლამდე იგი „ევრონიუსს“ ესაუბრა.

მარგრეტ ვესტაგერი  გახლდათ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სახე. ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ცნობილი იყო იმით, რომ იგი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს მრავალმილიარდიანი ევროს მოცულობის ჯარიმებს აკისრებდა.  მას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეტსახელად „გადასახადები ამკრეფი ქალბატონი“ უწოდა. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი მაია დე ლა ბომი  ესაუბრა  მარგრეტ ვესტაგერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სულ მალე  დაემშვიდობება ბრიუსელს, სადაც ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კონკურენციისა და ციფრული პოლიტიკის რეგულირებას.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დასახელებული  27 კანდიდატიდან, რომლებიც ევროკომისრების თანამდებობებს დაიკავებენ, დაახლოებით ათი ქალია.   ივნისის ევროპული არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში ქალების წარმომადგენლობა ისე შემცირდა, რომ 1979 წლის პირველი პირდაპირი არჩევნების შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.  როგორია თქვენი რეაქცია ამ უკუსვლაზე და რას ეტყოდით ურსულა ფონ დერ ლაიენს?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„ჩემი აზრით, ეს ამბავი, სამწუხაროდ, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ნაკლებად ზრუნავენ თანაბარ შესაძლებლობებსა და გენდერულ ბალანსზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა სავსებით კანონიერი რამ ითხოვა, როდესაც თქვა, რომ წარმომიდგინეთ ორი კანდიდატი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი და კომისიის ჩამოყალიბებას ამის მერე დავიწყებო. მას სურდა, დაცულიყო გენდერული ბალანსი და თან კანდიდატებს შესაბამისი კომპეტენციაც ჰქონოდათ. ჩემი აზრით, ყველა პრემიერ-მინისტრი იტყოდა, რომ ჩემს საკუთარ მთავრობას თავად შევკრებო. ურსულა ფონ დერ ლაიენი მხოლოდ ორი ადამიანის წარდგენას ითხოვდა, რომელთაგან ერთს აირჩევდა. ძალიან საწყენია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ გაითვალისწინეს ეს თხოვნა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა შეექმნა საუკეთესო ევროკომისია, რომელშიც დაცული იქნებოდა გენდერული ბალანსი, რადგან ამ მხრივ კარგი პროგრესი გვქონდა. ჩვენ თვალნათლივ ვაჩვენებდით, რომ გენდერულად დაბალანსებულ ევროკომისიას უპრეცედენტოდ კარგად შეეძლო ემუშავა, როგორც ვმუშაობდით კიდეც ჩვენი მანდატის განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ბერლემონში მეტი ქალი იყოს?  ამ კითხვას უკვე უპასუხეთ, მაგრამ მაინც რატომ?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:  უპირველეს ყოვლისა,  უბრალოდ სამართლიანია, როცა ორივე სქესის წარმომადგენლები მონაწილეობენ ხელმძღვანელობაში. მეორეც, ასეთ მძიმე ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ვართ ახლა, რადგან რამდენიმე ტიპის კრიზისი გვაქვს, მაგალითად,  ცხოვრების გაძვირება, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების კრიზისი – ჩვენ ამ პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ და რასაკვირველია, მოსახლეობის ორივე სქესის ნიჭი უნდა გამოიყენო, მხოლოდ ერთზე  – მხოლოდ მამაკაცებზე არ უნდა გააკეთო აქცენტი. ყველას ნიჭი გჭირდება, ვინც კი არსებობს, თან ცხოვრების განსხვავებული გამოცდილებაც აუცილებელია, რომ ევროკომისიაში გავითვალისწინოთ. უნდა დავანახოთ ბიჭებსა და გოგონებს, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს ხელმძღვანელი რგოლი – კაცი და ქალი ერთად უნდა ხელმძღვანელობდეს.“

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: ამ ეტაპზე უკიდურესი მემარჯვენეები იკრებენ ძალას მთელ ევროპაში. როგორც ახლახან ვნახეთ გერმანიაში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მაგალითზე. ხომ არ გეშინიათ, რომ თუ სულ უფრო მეტი მთავრობა აღმოჩნდება უკიდურესი მემარჯვენეების ხელში, რადგან სწორედ ეს ხდება ახლა, ეს ძირს გამოუთხრის თქვენს ძალისხმევას, არეგულიროთ ტექნოლოგიური სექტორი?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:  რაშიც კარგად გვაქვს საქმე ამ წუთას, ის არის, რომ კანონმდებლობა მოწოდების სიმაღლეზეა. მართლაც, ძლიერი კანონმდებლობა გვაქვს, „ციფრული ბაზრების“ ორივე აქტი უზრუნველყოფს, რომ ბაზარი ღია და სამართლიანი იქნება, სერვისების აქტი უზრუნველყოფს, რომ  მომსახურება უსაფრთხო იქნება, ხოლო სიტყვის თავისუფლება – დაცული. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსისთვის, რომ ეს კანონმდებლობა არსებობს და მთავრობა მტრულად რომ იყოს განწყობილი რომელიმე ძალისხმევის მიმართ, მას უბრალოდ კანონი დაიცავს. ჩვენი კავშირი კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული. ამიტომ მგონია, რომ ძალიან, ძალიან რთული იქნება ჩვენ მიერ აღებული კურსის შეცვლა, რომელიც ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ მომსახურება მომსახურებას ჰგავდეს და არ იწვევდეს ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც ცხოვრებას გაგირთულებს და  გამოუთხრის ძირს ჩვენს დემოკრატიას.“

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: გამოდის, არ გეშინიათ იმ შედეგის, რომელიც შეიძლება  ტექნოლოგიურ სექტორში აისახოს, თუკი მთავრობაში უკიდურესი მემარჯვენეები იქნებიან.

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „რასაკვირველია, თუკი ისინი მოახერხებენ ეროვნული კანონის შეცვლას, რადგან სერვისების აქტი არ ამბობს პირდაპირ, რომ ეს ცუდია, ეს კი კარგია, ეს შეგიძლია თქვა, ეს კი  – არა. ციფრული მომსახურების აქტის მიხედვით, საჭიროა გამართული სისტემა გქონდეს. უნდა შეგეძლოს იმის უზრუნველყოფა, რომ შენი მომსახურება არ იქნება მავნე. ტიკ-ტოკის TikTok პლატფორმასთან დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა, რადგან მის მიერ შემოთავაზებული დიზაინი ჩვენ მავნედ მიგვაჩნდა. საბოლოოდ, ტიკ-ტოკმა გადაწყვიტა, რომ ევროპაში მავნე დიზაინით არ შემოსულიყო. ასეთია ვალდებულება, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მავნებლობას, როგორიცაა ტერორიზმის ან ძალადობის წახალისება, ყუმბარის რეცეპტის გავრცელება, ბავშვზე ძალადობა, მავნე შინაარსის მქონე ინფორმაცია, სიძულვილის ენა –  ამას თავად წევრი სახელმწიფო აფასებს. და თუკი რომელიმე სახელმწიფო უკან დაიხევს და იტყვის, რომ  შეგიძლია ნებისმიერი რამ თქვა უმცირესობებზე, შეგიძლია ხალხი წაახალისო ძალადობისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, უცნობ ტერიტორიაზე აღმოვჩნდებით, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში რასაც ვაკეთებდით, პროგრესისკენ იყო მიმართული, სიტყვის თქმის საშუალებას ვაძლევდით ბრიტანეთს, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ უმცირესობებს უსაფრთხოდ ეთქვათ სათქმელი, მაგრამ ეს ყველაფერი თავად წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაა და მას, რა თქმა უნდა, შეუძლია უკან დახევა“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: ანტიმონოპოლიური რეგულაციების დიდი ნაწილი, რომელიც თქვენ მიიღეთ 2014-2019 წლებში, სასამართლომ გააუქმა. ვიცით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ კომპანია „ეფლის“ Apple საქმესთან დაკავშირებით. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ თქვენი მეორე მანდატის განმავლობაში ნაკლებად წარმატებული იყავით. როგორ აფასებთ ამას ახლა, როცა უკან იხედებით, მაინც რა ისწავლეთ ასეთი ტიპის მარცხის შემდეგ?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „ზოგადად ეს საქმეები განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საქმეების უმეტესობას ვიგებთ. დავმარცხდით ისეთ საქმეებში, რომელთა შემთხვევაშიც განვაცხადეთ, რომ, სავარაუდოდ, წევრი სახელმწიფოები გარკვეულ დიდ კომპანიებს გაურიგდნენ, რომ ისინი არ გადაიხდიდნენ იმ გადასახადებს, რომელთაც ყველა სხვა იხდის. და ჩემი პირველი მანდატის პერიოდში იმიტომ მქონდა უფრო მეტი ასეთი ტიპის საქმე, რომ გვსურდა გვენახა, თუ როგორ შეაფასებდა სასამართლო მათ და არ ვახდენდით ზეწოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაგვეჭრა საქმე. საჭირო იყო, გაგვეგო, როგორ შეაფასებდა ამას  სასამართლო. რა თქმა უნდა, სპეციფიკური საქმეების პარალელურად, როდესაც გარკვეული სახელმწიფო დახმარებას სთავაზობს გადასახადების კუთხით, ვნახეთ, თუ როგორ ცვლიდნენ წევრი სახელმწიფოები საკუთარ კანონმდებლობას, საკანონმდებლო ხარვეზებისა და აგრესიული გადასახადების დაგეგმვის აღკვეთის მიზნით. ასევე ვნახეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ეფექტური კორპორაციული გადასახადის მინიმალური დონის მიმართულებით მიდიოდა, შემოსავლების მხოლოდ 15 პროცენტის დაბეგვრის გზით. ერთი სიტყვით, მხოლოდ მაშინ იხდი გადასახადს, როცა შემოსავალს იღებ. ასე რომ, ჩემი აზრით, პროგრესი გვქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მოგვეგო თქვენ მიერ ხსენებული საქმე. მაგრამ როდესაც ანტიმონოპოლიურ და კარტელურ საქმეებზეა საუბარი, დიდწილად სასამართლო იზიარებს ჩვენს მიდგომას.“

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: კონკურენციის რეგულაციას რომ დავუბრუნდეთ, რადგან ეს არის სწორედ თქვენი თემა. ახლა ევროპაში დებატები მიმდინარეობს კონკურენციის წესების, კონკურენციის პოლიტიკის ირგვლივ და განიხილება მათი შესაძლო შესწორების საკითხი. ფიქრობენ, ხომ არ უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიდგომა საკუთარი კონკურენციის რეგულირების მიმართ. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ისეთი ბალანსის პოვნა, რომ ევროპელი მომხმარებელიც დაცული იყოს, რასაც თქვენ მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდით,  და თან ევროპული ინდუსტრიაც ძლიერდებოდეს? საერთოდ ხედავთ ასეთი წონასწორობის დამყარების შესაძლებლობას?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ სიძლიერეში. იმიტომ რომ, მაგალითად, ჩემთვის სიძლიერე არის კიდევ ერთი მომწოდებლის ყოლა, რათა გქონდეს არჩევანი იმ შემთხვევაში, თუკი ძველი მომწოდებელი იმედს გაგიცრუებს. თუ ერთი მომხმარებელი არ გაგიმართლებს, სხვაზე უნდა შეგეძლოს გადასვლა. აი, ამას გაძლევს კონკურენცია, გთავაზობს არჩევანს მრავალ მომწოდებელს შორის, წვდომას ისეთ ბაზარზე, სადაც ბევრი მომხმარებელია და სხვა  არჩევანიც გაქვს, თუკი ერთი არ გაგიმართლებს. ჩვენი გამოცდილებით, თუკი გლობალურ ბაზარზე ნამდვილად გაქვს კონკურენციის უნარი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ, გარკვეულწილად, განავითარე კონკურენციის კუნთი შიდა ბაზარზე, რადგან აქაც დგახარ ამ გამოწვევის წინაშე. ჩემი აზრით, ბიზნესის გაძლიერებისთვის რამდენიმე ფაქტორია აუცილებელი. ამის კარგი მაგალითია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროექტები, რომელთაც ჩვენ ვაკეთებთ. ოთხი ასეთი პროექტი გვაქვს წყალბადის განვითარებისთვის, ორი –  ბატარეების განვითარებისთვის, ორიც მიკროელექტრონიკის სექტორში, ერთი ღრუბლის ტექნოლოგიაში და ერთიც – ჯანდაცვაში. უახლესი დონის ტექნოლოგიურ ინოვაციებში მთლიანობაში 100 მილიარდი ევროს ინვესტიცია იდება. ამავე მოცულობისაა ჩვენი „ჰორიზონტის კვლევითი პროექტი“, რომელიც მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ სექტორებს მოიცავს, უახლეს ინოვაციებს. აი, ეს აძლევს ევროპულ ბიზნესს საშუალებას, რომ მოგვაწოდოს ის, რასაც მისგან ვითხოვთ. ჩემი აზრით, ეს საჯარო ფინანსების ათვისების კარგი მაგალითია.  და ეს არის ინდუსტრიული პოლიტიკაც, როდესაც ბაზრის  განვითარებას ისე ეხმარები, რომ არ ზღუდავ კონკურენციას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ეს ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. უბრალოდ  ეს არის კონკურენცია, როგორც ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ინდუსტრიას, იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: როგორ ფიქრობთ, კონკურენციის არსებულ რეგულაციებს სჭირდება გადახედვა და შესწორება?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „ძალიან ძნელია ზოგადი პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ ავიღეთ კონკურენციის არსებული წესები და, გარკვეულწილად, გავაფართოვეთ მათი მოქმედების არეალი, რათა მხოლოდ ფასების ზრდისთვის კი არ შეგვეხედა, არამედ ინოვაციის ნაკლებობაც შეგვემჩნია. მაგალითად, თუ ორ ფარმაცევტულ კომპანიას სურს გაერთიანება, ხომ არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ დიდი კომპანია მცირეში დახურავს ინოვაციის მიმართულებას ხარჯის დაზოგვის მიზნით? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შევშფოთდებოდით, რადგან მომხმარებელი ვერ ისარგებლებს ინოვაციით ჯანდაცვის ამ სექტორში და შესაძლოა პაციენტი დაზარალდეს. სწორედ ძველი წესების საშუალებით ვცდილობთ ინოვაციის წახალისებას. და ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი:  მაგრამ ციფრული მომსახურების აქტი პლატფორმებისგან ითხოვს, აიღონ უკანონო შინაარსის მქონე ინფორმაცია. რას იტყოდით მავნე ინფორმაციაზე? თქვენ შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ, მაგალითად, სექსიზმი და დეზინფორმაცია შესაძლოა, ჩაითვალოს სიძულვილის ენად. ვიცით, რომ ეს განსაზღვრება სხვადასხვაგვარია ყველა ქვეყანაში.  როგორ ვიქცევით მავნე ინფორმაციის შემთხვევაში?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს რიგებში სხვადასხვა ქვეყანაა, რომელთაც განსხვავებული პოლიტიკური კულტურა გააჩნიათ. მაგალითად, დანიაში, ჩემი აზრით, კამათი ადამიანებს შორის უფრო უხეშია, ვიდრე შვედეთში, სადაც მას უფრო ცივილური სახე აქვს. მეზობელ ქვეყნებს შორისაც ასეთი კულტურული სხვაობაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ მიდგომას დავეყრდნოთ. რაც შეეხება მავნე კონტექსტს, ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი იარსებებდა ქცევის კოდექსი, რომელსაც რაღაც რბილი კანონის მსგავსად მიმართავდი,  რადგან სხვაგვარად ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ვითხოვთ, რომ არსებობდეს ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც იმოქმედებდი და შემდეგ უკვე ეროვნული სასამართლო იტყოდა საბოლოო სიტყვას, არის თუ არა კონტექსტი მავნე და როგორ მოუარო. ეს შესაძლოა საკმაოდ მწვავე და ზოგჯერ მტკივნეული პოლიტიკური დისკუსიაა, მაგრამ ის სავსებით ლეგიტიმურია.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: Telegram-ის ხელმძღვანელი პაველ დუროვი საფრანგეთში დააპატიმრეს. ვიცით, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ევროკავშირის კანონის აღსრულებასთან. მაგრამ ხომ არ გგონიათ, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების მიმართ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღსრულდება, თუკი ისინი პირადად იქნებიან პასუხისმგებელნი, ხომ არ გგონიათ, რომ მათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი? პლატფორმა „იქსის“ დამფუძნებელი, ილონ მასკი, Elon Musk მყავს მხედველობაში.

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „ ჩემი აზრით, ორი სხვადასხვა საკითხი დევს სასწორზე. ერთი მხრივ, გვაქვს კანონი კონკურენციის შესახებ და სერვისების აქტი, ხოლო, მეორე მხრივ, გვაქვს სისხლის სამართალი. ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, თუ ორივეს შერევა გინდა. არა მგონია, რომ უკეთეს ეფექტს მივიღებთ, თუ რომელიმე კომპანიის ხელმძღვანელს „გამოვედევნებით“. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც აქ ვაკეთებთ, რომ შეგვიძლია აღვძრათ საქმეები, დავაწესოთ ჯარიმები. ჩემი აზრით, ის სისწრაფე და რესურსები, რომლებსაც ვდებთ ამ საქმიანობაში, არის სწორედ გასაღები იმ ცვლილებისა, რომელსაც ჩვენგან მოქალაქეები ითხოვენ. რადგან სწორედ ამას დაჰპირდნენ მათ და მათ შვილებს“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: ევროკავშირის მიდგომა ციფრულ სექტორში კანონის აღსრულების მიმართ, ფაქტობრივად, ისეთივეა, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციისა ამერიკაში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამერიკაში კარს მომდგარ არჩევნებს,  რამდენად დიდია რისკი იმ შემთხვევაში,  თუკი დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი წააგებს რესპუბლიკელების კანდიდატთან? ვიცით, ვინც არის ის კაცი, დონალდ ტრამპი. ხომ არ გგონიათ, რომ ამერიკის მიდგომა რადიკალურად შეიცვლება, თუ ტრამპი გაიმარჯვებს და ევროპისა და ამერიკის გზები გაიყოფა?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „ამის შეფასება ძალიან გამიჭირდება, რადგან კამალა ჰარისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ამბობს,  რომ მოდი, ფასები იყოს უფრო ხელმისაწვდომი; საჭიროა გადაიხედოს კონცენტრაცია, რათა გაძვირებული ცხოვრების კრიზისი მოვაგვაროთ, რაც, სამწუხაროდ, უბრალოდ ფაქტია ამერიკაში. ჩემი აზრით, ეს ინტერესთა ფართო სპექტრია, რადგან მრავალი ამომრჩეველი დგას ფასების ზრდის პირისპირ და ვერ გაუგია, რატომ არ მცირდება ფასები ისევე სწრაფად, როგორც იზრდება. ამიტომ, გარკვეულწილად, შესაძლოა ამ კუთხით ორივე პარტია ერთნაირად ფიქრობდეს, რადგან სამართლიანი კონკურენცია შედის ამომრჩევლის, როგორც მომხმარებლის, ინტერესებში. ამიტომ ეს არ არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ეს არის იმ ხალხის ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, რომლის ბიუჯეტიც შეზღუდულია“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი:  რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს,  ევროკავშირი აქცენტს რეგულაციაზე აკეთებდა, რაც თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ არიან ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის გიგანტები?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „ ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, რადგან უამრავს ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის აქტზე და ეს ძალიან კარგია, რადგან ეს, პირველ რიგში, გლობალური დონის საკითხია. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ინვესტირების პროგრამა. უზარმაზარი ფინანსური რესურსი როგორც კერძო, ისე საჯარო,  მიემართება ხელოვნური ინტელექტის ინოვაციებში. მიმდინარეობს მცირე კომპანიების ხელშეწყობის პროცესი, რათა მათ შეძლონ ჩვენი ჰიპერკომპიუტერების სისტემის გამოყენება. ამჟამად ათი ასეთი კომპიუტერი გვაქვს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რაც კი არსებობს მსოფლიოში, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის ტრენინგისთვის ვიყენებთ. გვყავს, მაგალითად, ფრანგული კომპანია Mistral-ი, რომელიც ტოლს არ უდებს არავის. ასევე არის უამრავი კომპანია, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და საკუთარ დანადგარებში იყენებენ, იქნება ეს ჯანდაცვის აპარატურა, ავტომობილები თუ სხვა ავტომატური მოწყობილობა, ყველა ტიპის დანადგარი. ასე რომ, ჩემი აზრით, ევროპული მიდგომა ცოტათი განსხვავდება ამერიკულისგან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ დავეწიოთ მას, არამედ საკუთარი დღის წესრიგი შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ისეთი, რომ ხალხი ენდოს ამ ტექნოლოგიას და რომელიც მათ კი არ გააკონტროლებს, არამედ მოემსახურება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მტკიცე  ევროპული მიდგომა იქნება მომავალში“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გიგანტების სიაში, დღეის მდგომარეობით, არცერთი ფრანგული ან იტალიური ფირმა არ არის. ამას როგორ ახსნიდით?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი „ ჯერ ერთი, ვიტყოდი, რომ თამაში ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ასე მგონია. ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ევროპული ხელოვნური ინტელექტის ბიზნესისთვის, ის არის,  რომ მას თანაბარი წვდომა ჰქონდეს კაპიტალზე. კაპიტალზე წვდომის გარეშე ბიზნესს ვერ გააფართოებ. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად ვუწყობთ ხელს საჯარო და კერძო ინვესტიციებს, რათა ნაკლები დაბრკოლება შეგვხდეს ინვესტიციების წვდომაზე, ერთგვარი გრძელვადიანი კაპიტალის ფორმატში, რომელიც გადაუდებელ მოთხოვნებზე იხარჯება. არსებობს კიდეც დაუბანდებელი კაპიტალი, რომელიც, ვფიქრობ,  საჯარო დაფინანსებით უნდა წახალისდეს, რითაც ვეტყვით ინვესტორს, რომ ჩვენ ვინაწილებთ ამ უზარმაზარ ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკს და ამის მერე ევროპაში ყველა ნიჭიერ ადამიანს თანაბარი შესაძლებლობა მიეცემა, რათა ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში“.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი: სულ მალე ახალი ევროკომისარი დაიკავებს თქვენს ოფისს. რას ურჩევდით თქვენს შემცვლელს?

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „მე არა ვარ კონკურენციის კანონებში განსწავლული იურისტი, განათლებით ეკონომისტი ვარ და ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი პოლიტიკაში გავატარე. როდესაც დავიკავე ჩემი თანამდებობა,  არ ვეპუებოდი იმ ძალიან გონიერ იურისტებს, რომლებიც ჩემ ირგვლივ ტრიალებდნენ, არამედ ვცდილობდი, წინ წამომეწია ის საკითხები, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ ბაზარზე ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს მომხმარებელს და არა პირიქით; რომ ბაზარი უნდა იყოს ღია და კონკურენტული, რადგან როდესაც იმაზე საუბრობ, რაც თავად კარგად გესმის, ხშირად სხვებსაც ესმით შენი და გვერდით გიდგებიან, როდესაც ხედავენ რომ ცდილობ, ჩვენ, როგორც მომხმარებელს, ბაზარი შესაბამისად მოგვემსახუროს.

მაია დე ლა ბომი, ევრონიუსი:  გასაგებია. ვიცი ეს კითხვა უამრავჯერ დაგისვეს გასულ თვეებში, მაგრამ შევეცდები, ცოტა სხვა კუთხიდან დავსვა. რას ისურვებდით ევროკომისიიდან წასვლის შემდეგ? რა არის თქვენი სურვილი? არ ვგულისხმობ თქვენი საკუთარი თავისთვის.

მარგრეტ ვესტაგერი, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „მომწონს ეს კითხვა, მართლაც, კარგად დასვით. რა თქმა უნდა, იცით, რომ ჩვენ ძალიან მკაცრი წესები გვაქვს. რადგან ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ე.წ. მბრუნავი კარის პოლიტიკა. ამ კუთხით არსებობს ორწლიანი შეზღუდვა და ეს სავსებით გამართლებულია.  მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ამბიციების რეალიზებისთვის ევროპასთან დაკავშირებით მაინც ვიპოვი გამოსავალს. ნამდვილად მაქვს ამბიცია და დიდი სურვილი, რომ ხალხმა მოახერხოს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, რომელიც სულ უფრო ციფრული ხდება. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა წაახალისოს ევროპა, მეტად დაინტერესდეს იმით, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ასე რომ, უამრავი რამ არის, რაზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი.  და მოუთმენლად ველოდები, მაინც რა იქნება ეს.

ავტორი: მაია დე ლა ბომი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend