საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 33 დღეა დარჩენილი – 26 ოქტომბერს ქვეყნის ისტორიაში პირველად, 3 482 952 ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით აძლევს.
ამ სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლა ვერაფერს შეცვლის თუ წინასაარჩევნო პროცესი ჯანსაღი არ იქნება და კენჭისყრის დღეს კომისიის წევრები და ამომრჩევლები შესაბამის პროცედურებს არ დაიცავენ.
ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულები არიან მოქალაქეები ასეთი მასშტაბური სიახლის შესახებ და იციან თუ არა, როგორია ხმის მიცემის ახალი წესი. ამომრჩეველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მზად არიან კენჭისყრის დღისთვის და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ მათი მთავარი უფლება, ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება. თუმცა მოქალაქეთა მეორე ნაწილს ამ პროცესის მიმართ ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ნდობა და არც ახალი ტექნოლოგიების შესახებ ფლობს საკმარის ინფორმაციას.
ზოგმა უკვე იცის, ზოგმაც დღეს გაიგო, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას ტრადიციული მეთოდით აღარ მისცემს. რომ უბანზე მისულს აღარ დახვდება დაბეჭდილი სამაგიდო სიები და აღარც ტრადიციულად შემოხაზავს სასურველ კანდიდატს, ბოლოს კი, არც კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს ჩააგდებს გამჭვირვალე ყუთში.
წელს ამომრჩეველთა 90 პროცენტი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. მათ პერსონალურ მონაცემებს უბნებზე სპეციალური ვერიფიკაციის აპარატებით შეამოწმებენ, სასურველი კანდიდატის გასწვრივ კი შემოხაზვის ნაცვლად, მარკერით სპეციალურ წრეს გააფერადებენ, შემდეგ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატში თავად მოათავსებენ.
როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ხმის მთვლელი მოწყობილობა ამობეჭდავს ფურცელს, სადაც იმ კონკრეტული უბნის შედეგები იქნება ასახული. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ელექტრონული სისტემები არჩევნების კარგად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მათივე განმარტებით, მთავარი ამ პროცესში ნდობაა.
„ეს ელექტრონული სისტემები იძლევა არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების საშუალებას, თუმცა მთავარია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა. ასევე ცესკოსა და სხვა უწყებების სურვილი, რომ კარგად ჩაატარონ ეს არჩევნები და არ მოხდეს არანაირი ჩარევა ამ პროცესში. თავად ტექნოლოგიებს არ მოაქვს ნდობა, ნდობა უნდა არსებობდეს მანამდე, რომ შემდეგ ამ პროცედურებსაც ვენდოთ“ – ამბობს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი, ნინო დოლიძე.
კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს უმნიშვნელოვანესია ხმის მიცემის ფარულობის დაცვა. არაერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარ ანგარიშებში ამომრჩეველზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მოჰყავს. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიებით სრულად არის გარანტირებული ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და რომ შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ ვისზე გააკეთა არჩევანი მოქალაქემ.
„ხმები ფარულია და ამისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, როგორც ტრადიციული, ისე მოდერნიზებული საარჩევნო უბნების პირობებში. გარკვეული მითები წარმოიშვა, თითქოს აპარატების მეშვეობით შესაძლებელია იდენტიფიცირება ხმების და ამომრჩევლის ვინაობის, თუმცა ეს გამორიცხულია, რადგან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ასევე, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ცხადად ადასტურებს, რომ ეს შეუძლებელია და რომ აპარატები ფუნქციონირებს საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად“ – აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
ამომრჩეველთა ნაწილს ჯერ ისევ ძალიან უჭირს ამის დაჯერება, თუმცა ნაწილმა უკვე დარწმუნებით იცის, რომ როდესაც ისინი საარჩევნო კაბინაში მარტო დარჩებიან და გადაწყვეტენ, ვის უნდა ანდონ ქვეყნის ბედი 4 წლით, ამ გადაწყვეტილების შესახებ, მათი ნების გარეშე, ვერასდროს ვერავინ გაიგებს.
ნანუკა მეშველაშვილი