მთავარისაქართველოევროკავშირის ელჩმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ისაუბრა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ისაუბრა

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნები“ ოფისში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ კენჭისყრის პროცესი დემოკრატიულ ვითარებაში წარიმართება და ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდება.

„ევროკავშირის წარმომადგენლები უმაღლეს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ნაცვლად რეფორმების გატარებისა, რომლებსაც საქართველო ევროკავშირთან უნდა დაეახლოებინა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანას ამ გზიდან სულ უფრო მეტად აშორებს. ჩვენი გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს არაერთი საკითხი. ხმამაღლა და მკაფიოდ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი არის მაგიდაზე. მათ შორისაა, საქართველოში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, არ იქნება წახალისებული ძალადობრივი ქმედებები, ხოლო თავად საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩვენი მიზანი და თუ პროცესი ამგვარად არ განვითარდება, ევროკავშირი იძულებული იქნება, მიმართოს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მთავარი საკითხი არის ის, რომ თუკი საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრება, თუკი სურს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი, ამისთვის, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები ჩვენ სპეციალურად საქართველოსთვის არ შეგვიქმნია, ეს არის პირობები, რომლებიც ეხება ყველა ქვეყანას, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრება სურთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე საჭიროა, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება, მთლიანად იყოს დაცული. ეს პრინციპები ფართოდაა ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობების უფლებების პატივისცემა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ასე რომ, თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ეს პრინციპები სრულად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend