მთავარიაზიალიბანიუცნაური აფეთქებების სერია ლიბანში

უცნაური აფეთქებების სერია ლიბანში

პეიჯერების შემდეგ ლიბანში უცნაური აფეთქების სერია გაგრძელდა… „ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, ამჯერად, ხელის რადიოსადგურები და მზის ელემენტებზე მოქმედი სხვა მოწყობილობები იმ დროს აფეთქდა, როდესაც პეიჯერების აფეთქებების შედეგად დაღუპული „ჰეზბოლას“ წევრების დაკრძალვის ცერემონია იმართებოდა. აფეთქებებში „ჰეზბოლა“ ისრაელს ადანაშაულებს. ცნობილია, რომ პეიჯერების აფეთქების დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 3000-ამდე ადამიანი კი დაშავდა.

რა ვიცით ამ აფეთქებების შესახებ? „როიტერი“ იუწყება, რომ ეს ოპერაცია ისრაელის სპეცსამსახურის მოსადის დაჯგუფება „8200-მა“ განახორციელა. გამოცემა პეიჯერების აფეთქების შესახებ ასევე წერს: „სააგენტოს ინფორმაციით, მოსადმა ტაივანის მიერ წარმოებულ AR-924 ტიპის 5000 პეიჯერში, რომლებიც „ჰეზბოლას“ მიერ იყო შეკვეთილი, მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩადო. „როიტერს“ ეს ცნობა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა და კიდევ ერთმა წყარომ მიაწოდეს. ამ წყაროების მიხედვით, ეს მოწყობილობები ტაივანური კომპანია „გოლდ აპოლოსგან“ შეიძინეს“.

დაზიანებულ პეიჯერებზე მოდელის ნომრის „ეი-არ 9“-ის ზემოთ წერია: „გოლდ“… „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, დიზაინი ემთხვევა ტაივანური კომპანიის „გოლდ აპოლოს“ მიერ წარმოებული პეიჯერების დიზაინს. „ვაშინგტონ პოსტში“ წერია: „ტაივანურმა კომპანიამ „გოლდ აპოლომ“ უარყო კავშირი ელექტრომოწყობილობის დამზადებასთან და აღნიშნა, რომ ამ პეიჯერებს უნგრული კომპანია აწარმოებდა, რომელიც „გოლდ აპოლოს“ სავაჭრო ნიშანს იყენებდა. უნგრულ კომპანიას „ვაშინგტონ პოსტი“ ვერ დაუკავშირდა. თუმცა უნგრეთის მთავრობის სპიკერი არ დაეთანხმა ტაივანური კომპანიის განცხადებას და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანია გადამყიდველია და ისინი უნგრეთში მოწყობილობებს არ აწარმოებენ… სპიკერის თქმით, უნგრულ კომპანიას მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს“.

ისრაელი ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისრაელი ომის ახალი ფაზის დასაწყებად მზადაა. მას არაფერი უთქვამს ლიბანში ელექტრომოწყობილობების აფეთქების შესახებ, მაგრამ მადლობა გადაუხადა ისრაელის არმიასა და უსაფრთხოების სააგენტოს შთამბეჭდავი შედეგებისთვის.

„ვფიქრობ, სიტუაციას თუ კარგად დავაკვირდებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს ძალიან კარგი შედეგი აქვთ, როგორც მოსადთან ერთად, ისე ყველა მიმართულებით. შედეგები შთამბეჭდავია. პრემიერ-მინისტრი, შტაბის უფროსი, მოსადის უფროსი და თავდაცვის მინისტრი იმ უწყებებთან ერთად, რომლებსაც წარმოადგენენ, ყველა მათი ქმედება ერთ მიზანს – მოსახლეობის სახლში დაბრუნებას ემსახურება“, – განაცხადა იოავ გალანტმა.

18 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დააბრუნებს. დაიწყება თუ არა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ლიბანსა და ისრაელს შორის, უახლოს მომავალში გაირკვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend