მთავარისაქართველორა გავლენას ახდენს სასკოლო ჩანთების სიმძიმე მოზარდების ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს სასკოლო ჩანთების სიმძიმე მოზარდების ჯანმრთელობაზე

მეორეკლასელი ნენე 20 კილოა, მისი სასკოლო ჩანთა კი, თითქმის 5. დღეს 6 გაკვეთილი აქვს. ცხრილის მიხედვით წიგნებსა და რვეულებთან ერთად ლეპტოპის წაღებაც უწევს.

ჩანთა მძიმეა და ნენეს მისი ტარება უჭირს…

„სკოლის პირველივე წლიდან გამოვიარეთ სასკოლო ჩანთების სიმძიმის პრობლემა. გამოსავალი არ ვიცი, რა არის, ან პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას, მაგრამ ფაქტი ერთია – ჩანთა ძალიან მძიმეა… არის ისეთი საგნები, მაგალითად, ქართული და მათემატიკა, რომლებიც თითქმის ყოველ დღე აქვს. და როდესაც მათი ტარება გვიწევს, ძალიან მძიმდება ჩანთა. მეორე კლასში ასევე დაგვემატა ისტ-ის საგანი. თუ ბუქის წაღებაც გვიწევს ჩანთა თავისთავად მეტად მძიმე ხდება. ასევე ჩანთაში აუცილებლად უნდა იდოს საკვები და წყლის ბოთლი“, – ციცი სოსიაშვილი.

ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის ქუჩებში მოსწავლეებსა და მშობლებს ჰკითხა, თუ რამდენად მძიმეა სასკოლო ჩანთები და უქმნის თუ არა ეს მათ დისკომფორტს…

„საკმაოდ მძიმეა ეს ჩანთები. დღეს გვქონდა 6 გაკვეთილი. წიგნებთან ერთად გვაქვს სამუშაო და საწერი, რომლებიც სკოლაში უნდა ვატაროთ. ასევე სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი. მოკლედ, საკმაოდ მძიმეა ჩვენი სკოლის ჩანთები, რაც მოსწავლეებს ძალიან არ გვსიამოვნებს“, – ამბობს ანასტასია ეზიაშვილი.

„ჩვენი ჩანთები ძალიან მძიმეა და ფიზიკურად მათი ტარება ძალიან რთულია. ასეთი მძიმე ჩანთების ტარება ხერხემლის გამრუდებას იწვევს, რაც მომავლისთვის ძალიან საზიანოა“, – ამბობს ელისაბედ ნათაძე.

„ჩანთის სიმძიმე ნამდვილად პრობლემაა. ბავშვი მოდის ხოლმე სახლში და ამბობს: „აუ, დე, ზურგი მტკივა“. I და V კლასელი შვილები მყავს და ორივეს ჩანთების ტარებაში ვეხმარები მე. ზოგიერთი წიგნი ხელითაც კი დამაქვს“, – ამბობს ეკატერინე ვოლგინა.

„როცა ჩემი ჩანთა ავწონე, იყო 6 კილო. იმდენად მძიმეა, რომ წელიც მტკივა. ჩემი კლასელებიც ამბობენ, რომ ჩანთა მძიმეა და აღარ შეუძლიათ მისი ტარება“, – ამბობს თაია მამინაიშვილი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მძიმე ზურგჩანთების ტარება მოზარდებში ტანდეგობის, ანუ დგომისას სხეულის ჩვეული მდებარეობის, დარღვევას იწვევს. საერთაშორისო მიდგომა კი ასეთია:

„ორთოპედიულად რეკომენდებულია, რომ სასკოლო ჩანთები ბავშვის წონის 10-15% იყოს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს რეკომენდაცია ირღვევა, ეს ტანდეგობის დარღვევას იწვევს. იწვევს კუნთოვან-მყესოვანი სისტემის დისბალანსს. ანუ არასიმეტრიული დატვირთვის გამო ცალი მხარე უფრო მეტად არის დატვირთული და კუნთოვანი. შეიძლება არ იყოს ეს ძვლოვანი დეფორმაცია, რაც სკოლიოზს ახასიათებს. ყოველ შემთხვევაში ასიმეტრიული დგომა და კუნთოვანი მასა მატულობს ცალ მხარეზე, შესაბამისად, მეორე დასუსტებულია. ადამიანი ცენტრალურსა და სიმეტრიულ დგომას კარგავს… რეკომენდაცია ძალიან მარტივია, ჩანთა უნდა იყოს 10-15% ბავშვის წონის, ასევე ჩანთა არ უნდა იყოს გადაკიდებული ცალ მხარზე და მისი ძირი უნდა ებჯინებოდეს წელის მიდამოს“, – ამბობს ბიძინა კანაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასკოლო სახელმძღვანელოები რამდენიმე ნაწილად დაიყო. ამის მიზეზი კი, სასკოლო ჩანთების სიმძიმე იყო. თუმცა როგორც ჩანს, ამ ცვლილებამ პრობლემა ვერ მოაგვარა…

ნენესა და მის თანატოლებს სკოლაში კვლავ მძიმე ჩანთების ტარება უწევთ.

ლილე სამუშია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend