საქართველო დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის გზაჯვარედინზეა და ქვეყნის ისტორიულ, დასავლურ კურსზე დაბრუნების გზა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადის – ეს მთავარი გზავნილია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კონფერენციიდან, რომელშიც ქართველი და უცხოელი ექსპერტები, პოლიტოლოგები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რომლის ფარგლებშიც ქართული დემოკრატიის მომავალზე, წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოსა და დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის გლობალური ბრძოლის რეგიონულ შედეგებზე იმსჯელეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკა თუ გადაწყვეტილებები მიანიშნებდა, თუ რა მიმართულებით მიდიოდა ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით: გვექნებოდა რუსული კანონი აგენტების შესახებ და მთელი დასავლური ცივილიზაცია და სამყარო საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობის, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის საფრთხედ და მტრად იქნებოდა გამოცხადებული. ის ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ვხედავთ და ვისმენთ, შოკისმომგვრელია. ამიტომ, მომავალ არჩევნებზე მაღალი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთონ“, – ამბობს ნინო ლომჯარია.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები არჩევანს არა მხოლოდ დასავლეთსა და რუსეთს, არამედ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას შორისაც გააკეთებენ.
„არჩევანი, რომელსაც საქართველო ერთ თვეში გააკეთებს, იქნება არჩევანი არა მხოლოდ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, არამედ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას შორისაც…
როცა რუსულ კანონს იღებ, დევნი ოპოზიციას, აცხადებ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავ, მედიას ექცევი ისე, როგორც ექცევი – ეს არის ავტორიტარიზმი და ეს არის პრორუსული პოლიტიკა. ამაზე პრორუსული ვერ იქნები“, – ამბობს ანალიტიკოსი შოთა უტიაშვილი.
„ვხედავთ ყველა განსხვავებული აზრის ცალსახად მტრად გამოცხადების პოლიტიკას. ეს ხდება განურჩევლად პოლიტიკური პარტიისა თუ სფეროსი, რომელშიც ესა თუ ის ადამიანი მოღვაწეობს. ამასთან, ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებასა და რუსეთთან დაახლოებას, რაც დემოკრატიის გზიდან გადახვევის საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა”, – ამბობს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
კონფერენციაზე თქვეს ისიც, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა, ბუნებრივია, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც მოქმედებს. რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ.
„როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის გააუარესებს, ან გადახედავს ურთიერთობებს აშშ-სთან, ნუთუ, ჩვენ დავაფინანსეთ აშშ-ის ჯარის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა? კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? პრემიერ-მინისტრს არ ადარდებს პოლიტიკა, რომელშიც აშშ გვეხმარება? არ აღიარების პოლიტიკას ვგულისხმობ. მაგრამ ბოდიშის მოხდის ფონზე შეიძლება არ აღიარების პოლიტიკაც აღარ ადარდებს მთავრობას. ამიტომ, ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები. თუ რამენაირად, რაღაც ფანტასტიკური მოხდა და „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა ხელისუფლება 26 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან ადმინისტრაციული და საფინანსო რესურსი არავის გაუუქმებია, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით ის საქართველო, რომელიც თუნდაც, დღეს გვაქვს. სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, – ამბობს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი.
კონფერენციის მონაწილეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დღეს საქართველო ეგზისტენციალური გამოწვევებისა და უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგას და სულ რაღაც ერთ თვეში ქვეყანამ საპარლამენტო არჩევნებით უნდა გადაწყვიტოს, დაუბრუნდება ისტორიულ, დასავლურ კურსს, თუ ავტორიტარიზმისკენ სვლას გააგრძელებს.