სოსო და ქეთი თბილისელები არიან, ისინი 5 წლის წინ გადასახლდნენ სოფელ ქსოვრისში. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღეს, უნდოდათ, რომ ბავშვები სუფთა ჰაერზე ყოფილიყვნენ და მეტი სივრცე და ჯანსაღი საკვები ჰქონოდათ.
ამ სახლში სოსოს ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, სიძველის გამო სახლი დანგრევის პირას იყო. სოსომ და ქეთიმ თავისი ხელით გაარემონტეს და გაალამაზეს, დასახლდნენ ამ სახლში და მეურნეობას მიჰყვეს ხელი. აწარმოებენ თაფლს, აქვთ ხეხილის ბაღი და კიდევ ორი ბოცვერიც ჰყავთ.
„ბევრად ადრე გაჩნდა იდეა, უბრალოდ არ გვქონდა გამბედაობა, ან ვერ ვბედავდით ამ გადაწყვეტილების მიღებას. ბევრი რაღაც გვაფერხებდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ჩვენი გამოუცდელობა. გვეგონა, რომ ვერ შევძლებდით სოფლის ცხოვრების რიტმს ავყოლოდით. ეს იყო ყველაზე დიდი ბარიერი, თუმცა იყოს სკოლის შეცვლის საკითხი, რაზეც ძალიან ვღელავდი ბავშვების გამო. ასევე იყო ფინანსური საკითხები. ჩვენ არ გვქონდა ის კაპიტალი, რომ რაღაც დაგვეხარჯა, აქ რაღაც მოგვეწყო, გაგვეკეთებინა. მოგვიწია თბილისის ბინის ბანკში ჩადება და აი, ამ სახსრებით ელემენტარული პირობების შექმნა, ანუ ფაქტობრივად გვიწევდა რისკზე წასვლა. უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, ან ავყვებოდით, გავაკეთებდით და შევძლებდით, ან ვერ შევძლებდით, ასევე მოგვიწია სამსახურის დატოვება. აქედან იქ მაინც გაგვიჭირდებოდა და აქ უნდა წამოგვეწყო რაღაც ახალი საქმე“,- ამბობს ქეთი დვალი.
და მათ თავდაპირველად დაიწყეს ღია სივრცის გაქირავება, მასპინძლობდნენ ნიშნობის ცერემონიებსა თუ ბავშვების დაბადების დღეებს. მერე „აწარმოე საქართველოშის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს და საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად ტექნიკა შეიძინეს.
ნელ-ნელა ემატებოდათ საქმე… ახლა აგროშემეცნებით გაკვეთილებსაც ატარებენ და ბავშვებს მეფუტკრეობას ასწავლიან.
„ეს არის კომპლექსური გაკვეთილი, რომელიც მოიცავს თეორიულ ნაწილს და პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში ბავშვებსა და მოზარდებს ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას ფუტკრების შესახებ. ადგილზე ვანახებთ შვიდივე უნიკალურ პროდუქტს. ასევე გვაქვს არტთერაპიის საათი, რომ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი იყოს სახალისო. პრაქტიკულ ნაწილში გვაქვს თაფლის დაწურვა, ანუ ბავშვები თავისი თვალით ხედავენ გამზადებულ ფიჭას, ან ჩარჩოების ჩამოჭრას. ბავშვებს საჩუქრად მიაქვთ პატარა ქილებით ეს თავისი ხელით დაწურული თაფლი“, – განმარტავს ქეთი დვალი.
თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ბავშვებს სოსო ლოხიშვილი უტარებს, მას დაახლოებით 20-წლიანი გამოცდილება აქვს მეფუტკრეობის დარგში. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მისი თქმით, არსებობს ბევრი პროგრამა თუ სახელმწიფოს დახმარება გლეხებისთვის, თუმცა ასევე ამბობს, რომ ეს პროგრამები უფრო მასშტაბური უნდა იყოს.
„თუნდაც, ახლა ავიღოთ, ვთქვათ, მეფუტკრეობის დარგი, სოფლის მეურნეობის ეს კუთხე. ამ შემთხვევაში საჭიროა, ვთქვათ, შესანახი დანადგარები. საწურით რომ უზრუნველყონ მეფუტკრეები და სტიმული მისცენ. ვთქვათ, თაფლის შესანახი ჭურჭელი, საწური, ელექტროსაწური. ჩვენს შემთხვევაში ახლა მე არ მჭირდება, თუმცა ზოგს შეიძლება ასი სკა აქვს, შეიძლება უფრო მეტი და ძალიან რთულია ხელით დაწურვა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მთავრობამ ამ ადამიანს დანადგარი გადასცეს და ხელი შეუწყოს“,- ამბობს სოსო ლოხიშვილი.
„სოფელში ცხოვრების დროს მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკის როლი და გამარტივება იმ საქმის, რაც ყოველდღიურად გიწევს რომ აკეთო. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე მხარდაჭერა, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ბიოკანალიზაცია. გვინდა რომ რაღაც ამ ახალ სისტემაზე გადავიდეთ, თუმცა საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება და ვნახოთ მოვა ალბათ მაგისი დროც რომ გავაკეთებთ რომელიმე დონორი ორგანიზაციის ჩართულობით. ბიოკანალიზაცია არის მოწყობილობა, რომელსაც თხრილში დებენ და ტექნიკურ წყლად გარდაიქმნება კანალიზაციის წყალი და ჩვეულებრივ შეგიძლია მორწყვა მცენარეების, რაც ეკოლოგიის მხრივ იქნება ძალიან კარგი“,- გვიყვება ქეთი დვალი.
ქეთისა და სოსოს სოფელში ცხოვრება მოსწონთ და უნდათ, რომ ეს სხვებსაც დაანახონ. თუმცა ამბობენ, რომ სოფლის მცხოვრებთათვის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ასეთი ხელშეწყობითა და დახმარებით არის შესაძლებელი ისეთი გარემო შეიქმნას სოფლად, რომ ახალგაზრდებს იქ დაბრუნება და ცხოვრება მოუნდეთ.