Instagram-ზე იცვლება მოზარდი მომხმარებლებისთვის არსებული წესები, მშობლები არასრულწლოვანებს უფრო მეტად გააკონტროლებენ. ახალი სისტემა ამოქმედდება მიმდინარე კვირიდან აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეს წესები წლის ბოლომდე ამოქმედდება, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომავალი წლიდან.
ახალი წესების მიხედვით, მოზარდების ანგარიშების ახალ სისტემას ავტომატურად მიიღებენ უკვე რეგისტრირებული არასრულწლოვანები 16 წლამდე და მომავალში რეგისტრაციის დროს მიიღებს ყველა 18 წლამდე მოზარდი. ოფიციალურად 13 წლამდე ბავშვისთვის რეგისტრაცია Instagram-ზე აკრძალულია.
რაც შეეხება კონკრეტულად ახალ წესებს:
ყველა 18 წლამდე მომხმარებელი ავტომატურად შევა შეზღუდვაში, რომლის ფარგლებშიც მათ აეკრძალებათ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი კონტენტის დანახვა, ანუ ასეთი მასალების მოზარდები კედელზე ვერ გამოჩნდება როგორც რეკომენდებული.
ამას გარდა, მოზარდების ანგარიშების ავტომატურად დაიხურება. საღამოს საათებში აღარ მიიღებენ სიახლეების შესახებ შეტყობინებას. ასევე პერიოდულად მოზარდი თვითონ Instagram-ისგან მიიღებს რეკომენდაციებს, რომ ტელეფონი დროებით გადადოს.
META-ს გვერდზე ვკითხულობ, რომ ამოქმედდება სიტყვის ფილტრებიც, იმისათვის, რომ შემცირდეს ბულინგისა და სექსუალური შევიწროების რისკები. მშობლებს, რომელთაც ექნებათ შვილების Instagram-ის ანგარიშების კონტროლის საშუალება, დაინახავენ იმასაც, თუ ვის წერს მათი შვილი, თუმცა კონკრეტულად რას წერს, ამას ვერ წაიკითხავენ. მშობელს ასევე შეეძლება დააწესოს კონკრეტული დრო, რამდენ ხანს შეეძლება მოზარდს, დრო გაატაროს სოციალურ ქსელში.
ამ და სხვა შეზღუდვების წარმატებით აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოზარდმა რეგისტრაციის დროს მიუთითა თავისი ნამდვილი ასაკი. კომპანია META-ში ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ. როგორც ცნობილია, ამჟამად ცდილობენ, შექმნან ხელოვნური ინტელექტის ისეთი პროდუქტი, რომელიც მოზარდის ნამდვილი ასაკის იდენტიფიცირებას შეძლებს.