მთავარიაზიალიბანილიბანსა და სირიაში ათასობით ადამიანი ხელში პეიჯერის აფეთქებით დაშავდა

ლიბანსა და სირიაში ათასობით ადამიანი ხელში პეიჯერის აფეთქებით დაშავდა

ლიბანსა და სირიაში დაახლოებით 2800 ადამიანს პეიჯერები ხელში თითქმის ერთდროულად აუფეთქდა. აფეთქებით სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2750-მდე დაშავდა. მათ შორის არიან „ჰეზბოლას“ წევრები, რომლებიც პეიჯერებს საკონტაქტოდ იყენებენ. ჰასან ნასრალაჰის, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ბრძანებით, მათ უარი თქვეს მობილური ტელეფონების გამოყენებაზე, ისრაელის მხრიდან თვალთვალისა და ჰაკერული თავდასხმის საშიშროების გამო.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 100-მდე საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და აფეთქების შედეგად დაშავებულ პაციენტებს უკვე შესაბამის მკურნალობას უტარებს.

„შუადღის ოთხი საათისთვის დაშავებულთა დიდმა რაოდენობამ საავადმყოფოებს მიმართა. მათი დაშავების მიზეზი ხელში იმ პეიჯერების აფეთქებაა, რომლებსაც კომუნიკაციისთვის იყენებენ. სასწრაფო დახმარებას მიმართა ძალიან ბევრმა ადამიანმა. აშკარაა, რომ აფეთქება სხვადასხვა არეალში მოხდა, რადგან სამედიცინო დახმარებას მიმართეს ქალაქ ბეირუთსა და დაჰიაში, აგრეთვე, სხვა ქალაქებშიც“, – ამბობს ფირას აბიადი, ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი.

„ჰეზბოლა“, რომელიც ირანის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს და მისგან იღებს როგორც შეიარაღებას, ისე ფინანსურ დახმარებასაც, ინციდენტში ისრაელის მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ოპერაცია, თუმცა ამ ეტაპზე ისრაელის მხრიდან შემთხვევის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.

ისრაელელ სამხედროებსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები ლიბანის სამხრეთით უკვე 11 თვეზე მეტია გრძელდება. დაპირისპირებას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ხოლო ათობით ათას ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend