რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 14 სექტემბერს გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გრიგორი კარასინი მმართველი პარტიის ე.წ. „ურთიერთპატიებისა და შერიგების“ შესახებ ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ „16 წლის განმავლობაში, საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა“. რუსმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და თქვა, რომ „მოქალაქეების გადაწყვეტილება ძალიან საპასუხისმგებლო იქნება“.
„სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების მოულოდნელ ტონს, როგორც კავკასიაში, ისე მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი მოჰყვა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. გაგება იმისა, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი გონიერებასა და სტაბილურობას უნდა დაუთმოს, სულ უფრო მეტად იზრდება. უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა. მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა ბევრისთვის ცხადი გახდა. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, ფოკუს ჯგუფებში გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარება არ აკმაყოფილებთ. მოახლოებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გამწვავება ხელს აძლევს მათ, ვინც საქართველოსა და რეგიონის დესტაბილიზაციაში სტრატეგიულ ინტერესს ხედავს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
გორში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მნიშვნელოვანია, „ბოდიში მოვუხადოთ აფხაზ და ოს ძმებს“. მან კვლავ გაიმეორა, რომ 2008 წლის ომი ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“, მიერაა პროვოცირებული.