აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ ქართულ პოლიტიკურ წრეებში.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
„ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით. ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დაუდგეს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს.
„როგორც ჩანს, არაფორმალური გავლენა იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენის შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან, ვინ არის დასანქცირებული. ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დაუწესეს რამდენიმე პირს. გაურიეს და ერთმანეთში არიეს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის, ერთი მხრივ, პოლიციის შეურაცხყოფა, მეორე მხრივ, ინსტიტუციის შეურაცხყოფა და, მესამე მხრივ, არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა.