84 მომხრე, 0 წინააღმდეგი – საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა ბოლო სხდომის ბოლო კენჭისყრაზე ბოლო კანონად „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტი მიიღო. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები ამბობენ, ამ კანონით ერის ზნეობის დაცვა კანონის დონეზე იქნება გარანტირებული. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
მაგალითად, კრძალავს ერთნაირსქესიანთა ოფიციალურ ქორწინებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბიოლოგიური სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ პლასტიკურ ოპერაციებს, პროპაგანდისტულ საჯარო აქტივობებს და ა.შ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ კანონის მიღებითა და აღსრულებით არც ადამიანის უფლებები დაირღვევა და ერიც ზნეობრივად გადარჩება.
„ოპოზიცია – ეს ხალხი თავისი პატრონებიანად არის ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ეს არის მიმართულება, რომელსაც შეიძლება 2-3 თაობაში მავნე შედეგები ჰქონდეს, თუნდაც, დემოგრაფიული თვალსაზრისით.
დემოგრაფიული თვალსაზრისით, ისეთი მავნე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, რაც ვერ მოახერხა საუკუნეების განმავლობაში ვერც ერთმა დამპყრობელმა. 2-3 თაობაში შეიძლება ეს ყველაფერი ამოკვეთონ და ლგბტ პროპაგანდა არის ამისი იარაღი.
ჩვენ არც ერთ რაიმე განსხვავების მქონე ადამიანს შეხედულების დონეზეც კი, არა თუ სექსუალური ორიენტაციის, არაფერს ვერჩით, პირიქით, ჩვენ ვიცავთ მათ უფლებებს ზედმიწევნით. მაგრამ ლგბტ პროპაგანდას ვერ დავუშვებთ ამ ქვეყანაში, ვერც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ამას საკონსტიტუციო უმრავლესობით როდესაც მოვალთ შემდეგი მოწვევის პარლამენტში, კონსტიტუციაშიც ავსახავთ“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
32-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ კი ამ კანონის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადონ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. რეაგირებისკენ მოუწოდებენ სახალხო დამცველის აპარატსაც.
„კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვანებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია და ა.შ. კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება, სახალხო დამცველს, მიიღოს ყველა ზომა, კანონების პაკეტის კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრების მიზნით;
სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს, მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუ ამ კანონს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს, მმართველი პარტია გეგმავს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, ძველი მოწვევის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომა გამართონ და პრეზიდენტის პოტენციური ვეტო დაძლიონ.
ალეკო გვეტაძე