იტალიის დედაქალაქ რომში ევროპის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მეორე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში დაახლოებით 200 სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან სამხედრო ლიდერები და ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები.
ორდღიან სამიტზე ევროპაში თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობისა და უახლესი გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილების გზებს განიხილავენ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული აგრესიის საკითხი ევროპელი ლიდერებისთვის პრიორიტეტული გახდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახლოებული არჩევნების ფონზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ევროპისთვის აშშ-ის თავდაცვის მხარდაჭერის პოლიტიკა. მომავალი ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის სისტემა და იარაღის წარმოების შესაძლებლობები. ევრონიუსი ესაუბრა თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთ ექსპერტს, რომელიც აქ, იტალიის საჰაერო ძალების შტაბ-ბინაში, ერთ-ერთ სესიას ხელმძღვანელობს. სესიაზე ევროპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
„კონფერენციის მიზანია, გააგრძელოს დისკუსია ევროპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესახებ, კონკრეტულად კი განიხილოს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ევროპის ტერიტორიები რუსული ბომბებისა და თვითმფრინავებისგან. ნატო უკვე ჩართულია ამაში, მაგრამ ევროპის საჰაერო სივრცის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ, უფრო მეტი გააკეთონ როგორც შეთანხმებით, ისე დამოუკიდებლად. ჩვენ გვსურს აშშ-სა და ევროპაში წარმოებული სხვადასხვა სისტემისა და ტექნოლოგიის დანერგვა, რათა შეიქმნას ერთიანი სისტემა. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და უსაფრთხო კიბერკავშირების წყალობით, სისტემა მიზნად ისახავს პოტენციური საფრთხეების აღმოჩენასა და ეფექტური მეთოდების გამოყენებით მათ განეიტრალებას, სანამ ისინი ევროპაში მოაღწევენ“, – ამბობს თავდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ალესანდრო მარონე.
კონფერენციის მასპინძლობით იტალია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული თავდაცვის საკითხებში.
„კონფერენციის ორგანიზებითა და თავიანთი პოზიციის წარმოდგენით იტალიელები პარტნიორების დაინტერესებას ცდილობენ“, – ამბობს თავდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ალესანდრო მარონე.
კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ რომის კონფერენცია თავდაცვის საკითხზე ევროკავშირის ინსტიტუტებში შემდგომ დისკუსიებს გამოიწვევს.